ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვიპოვეთ 1111 სომეხი ჯარისკაცის გვამი – დე ფაქტო მთიანი ყარაბაღი

28 დეკემბერი, 2020 • 1351
ვიპოვეთ 1111 სომეხი ჯარისკაცის გვამი – დე ფაქტო მთიანი ყარაბაღი

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, 13 ნოემბრიდან 27 დეკემბრის პერიოდში აღმოაჩინეს 1111 სომეხი ჯარისკაცის გვამი.

ინფორმაცია სომხურ news.am-ს დაუდასტურა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განსაკუთრებული სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერმა ჰუნან ტადევოსიანმა.

მისივე განცხადებით “მაძიებელთა 3 ჯგუფი მუშაობს ჰადრუთის/ხოჯევანდის რაიონში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება”.

სომხურ მხარეს ზუსტად არ აქვს დათვლილი, თუ რამდენი სომეხი ჯარისკაცი შეეწირა 44- დღიან კონფლიქტს აზერბაიჯანთან. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ომს 2783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.


ჰადრუთი, რომელიც აზერბაიჯანული ადმინისტრირებით ხოჯევანდის რაიონია, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ყარაბაღის მეორე ომამდე ძირითადად სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული. სწორედ ამ რაიონში გაიმართა ომის ძირითადი ბრძოლები. ქალაქ ჰადრუთის აღების შემდეგ აზერბაიჯანულ ძალებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩრდილო დასავლეთით – ქალაქი შუშას მიმართულებით და სამხრეთ აღმოსავლეთით, ზანგილანისა და ქუბადლის მიმართულებით წამოეწყო შეტევა.

ამჟამად ჰადრუთსა და მის შემოგარენს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი