ახალი ამბები

ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს

28 დეკემბერი, 2020 • 898
ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ამნისტია პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და არ შეიძლება მას “ცხვირი აუბზუო”.

ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, 28 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განცხადა, რომელზეც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. წულუკიანის თქმით, კარგი იქნებოდა კონსულტაციების გაგრძელება იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ამნისტიის მუხლებს რაიმე დაემატოს.

“პენიტენციურ სისტემაში კოვიდი არ არის მოდებული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და, როგორც ჩანს, დღეს და ხვალ ჩვენ ვაქცინა არ გვექნება საქართველოში, რა თქმა უნდა, ამის რისკიც არსებობს. ამიტომ კოვიდის პირობებში და პოსტკოვიდურ პერიოდში, მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეს რიცხვები. შესაბამისად, ეს ამნისტიის აქტიც დასაფასებელია და არ შეიძლება იმას, რაც უკვე წარმოდგენილია, ცხვირი აუბზუო. თუმცა, რამდენად არის ეს საბოლოო ვარიანტი და ხომ არ უნდა გაფართოვდეს თუნდაც აქედან გამომდინარე”, — განაცხადა წულუკიანმა.

დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც  კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია, განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახული მუხლები საბოლოო არ არის და შესაძლოა ამნისტია გაფართოვდეს.

“პირადად მე, კომიტეტი და არაერთი თანამოაზრე მომხრეა, გაფართოვდეს წრე იმ მუხლებისა, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს”, — განაცხადა სარჯელაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, იმის მოლოდინი, რომ ამნისტია შეიძლება ყველაფერს შეეხოს, არავის არ უნდა ჰქონდეს. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მუშაობა და მსჯელობა მიდის, რომ ამნისტია სტუდენტების კუთხით გაფართოვდეს და მათაც შეეხოთ.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს 800-მდე პატიმარი დატოვებს.

EMC პარლამენტს მოუწოდებს, ამნისტიის შესახებ კანონპროექის ფარგლები გააფართოოს ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი მაქსიმალურად ღიად წარმართოს და პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა უზრუნვლყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი