ნეტგაზეთი | TI მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს “ოცნების” მიერ წარმოდგენილ 2 სადავო ინიციატივას TI მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს “ოცნების” მიერ წარმოდგენილ 2 სადავო ინიციატივას – Netgazeti
RU | GE  

TI მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს “ოცნების” მიერ წარმოდგენილ 2 სადავო ინიციატივას

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს ეხმაურება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის, ასევე, პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წესებში დაჩქარებული წესით ცვლილებებს ითვალისწინებს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხოლო მეორე მოსმენა დროებით გადადო.

TI მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსების წესის წარმოდგენილი ცვლილების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების ევროპულ სტანდარტებს და არალეგიტიმური საფუძვლით მძიმე დარტყმას მიაყენებს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ მდგომარეობას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე.

ამასთანავე,  TI აცხადებს, რომ არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს ატარებს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ  კონსტიტუციის თანახმად: „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში” და,  შესაბამისად, კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობას უშუალოდ უკავშირებს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას და ნებისმიერი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობას შეეხება და “მათ შესუსტებას იწვევს, დემოკრატიისათვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა”.

“პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისთვის ფინანსური სახსრები უმნიშვნელოვანესი საფუძველია, შეიძლება ითქვას, რომ ის პარტიის ქმედუნარიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში კი, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაფინანსების მოპოვება კერძო წყაროებიდან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, არასახელისუფლებო პარტიების წლიური შემოსავლების უდიდესი წილს სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს: „პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციასა და პარტიების მიერ კერძო დონორებზე გადამეტებული დამოკიდებულების თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს ის, რომ მოცემული დაფინანსება გამიზნულია პოლიტიკური პლურალიზმის გასაძლიერებლად და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვან ფუნქციონირებას”. სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება მძიმე დარტყმა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პლურალიზმზე და კიდევ უფრო არაკონკურენტულს გახდის პოლიტიკურ გარემოს”, — აცხადებს TI.

ორგანიზაცია აღნიშავს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მიზნად ისახავს მათი ქმედუნარიანობისთვის საფუძვლის შექმნას, შესაძლებლობას, მწირი რესურსების პირობებში საზოგადოებამდე მიიტანონ საკუთარი იდეები და კონკურენციაში შევიდნენ მსხვილ, პირველ რიგში კი, მმართველ პარტიასთან.

TI-ს განცხადებით, ასეთი დაფინანსება არ შეიძლება პირდაპირ და იმპერატიულად უკავშირდებოდეს საპარლამენტო მანდატების მიღებას, რადგან მისი ფუნქცია არა საპარლამენტო საქმიანობის დაფინანსებაა (ამისთვის არსებობს სხვა ტიპის დაფინანსება, მაგ. პარლამენტის წევრების ხელფასი, ხარჯების ანაზღაურება და სხვა ტიპის დამატებით პრივილეგიები), არამედ – პოლიტიკური საქმიანობის.

როგორც ორგანიზაცია ამბობს, პოლიტიკურ აქტივობას მრავალი სახე შეიძლება გააჩნდეს, მათ შორის პროტესტის ისეთი ფორმის გამოყენება, როგორიც საპარლამენტო ბოიკოტი თუ მანდატებზე უარის თქმაა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ინიციატივა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

“საკანონდებლო ინიციატივა, ასევე, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სადაც სახელმწიფო დაფინანსების მიღება და საპარლამენტო მანდატის მოპოვება ერთმანეთთან დაუკავშირებელ ინსტრუმენტადაა განხილული. 2010 წელს ეუთო/ოდირ-თან ერთად გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში ნათქვამია:„[…] პოლიტიკური პლურალიზმის ინტერესები მოითხოვს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ზღურბლი საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საჭირო ბარიერთან შედარებით უფრო დაბალი იყოს”. დაფინანსებისა მიღებასა და საპარლამენტო მანდატების მოპოვებას შორის კავშირის არარსებობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ევროპის საბჭოს ქვეყნების მასშტაბით”, — აღნიშნავს TI.

TI ასევე იხსენებს მსგავს შემთხვევას, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა და საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარის გამო, ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოერთვა სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება.

“მაშინ ეს ცვლილება უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე. საკუთარ წიგნში ამ ცვლილებას მაშინ, ასევე, უარყოფითად აფასებდა „ქართული ოცნების” ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მწვავე კრიტიკის გამო, აღნიშნული ცვლილება იმავე წელსვე გააუქმა პარლამენტმა”, — აცხადებს TI.

საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმება

TI-ს განცხადებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საარჩევნო კამპანიის წარმოების რეგულაციების ისეთი დარღვევა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პოლიტიკურ პარტიას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება სანქციად მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პარტია სჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ შემთხვევაშიც პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იხილავს სასამართლო.

“ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გაცილებით მძიმე წინასაარჩევნო დარღვევასთან, რომელიც, იმავდროულად, სისხლის სამართლის დანაშაულსაც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებითაც შეიძლება გაუუქმდეს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მისი არსებობის ან/და საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამო. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია, არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დარღვევის სიმძიმით გავუთანაბროთ ამომრჩევლის მოსყიდვას  ან პარტიის არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამ მიზეზით გავუუქმოთ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია”, — აცხადებს TI.

ამასთანავე, TI აცხადებს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია ის, თუ რას გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში „პოლიტიკური ლიდერის რანგში” პირის მონაწილეობა, რის გამოც საარჩევნო სუბიექტს შეიძლება საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს.

ორგანიზაციის შეფასებით, ასევე, გაუგებარია ცალკეული ფიზიკური პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რატომ უნდა დაისაჯოს მთელი პარტია უმძიმესი სანქციით.

TI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი