ახალი ამბები

“ელიტური კორუფციის” შემთხვევები – TI-ის კვლევა

27 დეკემბერი, 2020 • 1268
“ელიტური კორუფციის” შემთხვევები – TI-ის კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალი პროექტის ფარგლებში მაღალი დონის სავარაუდო გამოუძიებელი შემთხვევების სია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კორუფციის მხირვ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაღალი დონის “ელიტური კორუფცია” და მასზე არასათანადო რეაგირებაა.

ორგანიზაციის განმარტებით, პრობლემის არსებობაზე და მის სიმწვავეზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, გლობალური რეიტინგების შედეგები და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს.

“პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს”, – წერია პროექტის აღწერაში.

ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში “მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების განახებადი კატალოგი” გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი. ამ დროისთვის ორგანიზაციამ შემდეგი შემთხვევების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია:

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში

  • ე.წ. „ომეგა ჯგუფის საქმე“ – 2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებისა და გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები.
  • ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის – 2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.
  • კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“ – 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.
  • კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში – თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.
  • კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში – კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები

  • ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა – კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები

  • ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება – შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან.
  • თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები – 2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯების წარმომავლობა.
  • ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრება – თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კი 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევები

  • კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და გამოავლინა 21 კონკრეტული შესყიდვა, სადაც სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირი იკვეთება. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
  • დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლის შემდეგ 6,264,688 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. თანხის ნაწილი გამარტივებული შესყიდვაა, ხოლო ტენდერების შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ სატენდერო პირობები შეიძლება მორგებული იყოს ოთარ ჯაფარიძის კომპანიაზე.
  • დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3-მა კომპანიამ (ბიძაშვილი რომან ბოლქვაძე – შპ „გიგა 2015”, რძალი გურანდა გობაძე – შპს „აისი” და მამიდაშვილის შვილი არჩილ ქედელიძე – შპს „ქედე”) აჭარაში შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი დიდწილად უკონკურენტოდ მიიღო.
  • ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ (შპს “მშენინვესტი” და ინდ. მეწარმე) 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი შესყიდვები მან საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო.
  • კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში – თბილისის მერიის მიერ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში (6.6 მლნ ლარი) მორგებული ტენდერების და კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა. ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს.
  • გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში – კახეთში ორი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გიორგი ზედელაშვილთან (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე) დაკავშირებული კომპანიებისთვის შესაძლოა ხელოვნურად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები.
  • გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” 2013 წლის შემდეგ მსხვილი ტენდერების მოგება დაიწყო (105 მილიონზე მეტი მხოლოდ კახეთის რეგიონში). საეჭვო გარმოებებს შორისაა: კონკურენტთა დისკვალიფიკაცია, შეწყვეტილი ტენდერები, უკონკურენტო ტენდერები.
  • ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 2,312,278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.
  • ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში – ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები (შპს “იბოლია”, შვილი ოფელია მაკრახიძე – შპს “შარა”, ძმა ალექსანდრე მარკახიძე – შპს „არქმშენსტუდია 2002”) ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.
  • მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში – 2013-2018 წლებში საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯისგან” (რომლის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია) 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული წარმოების „ნივები” შეისყიდეს, სავარაუდოდ, მორგებული პირობებით.

კორუფციის შესაძლო შემთხვევები მუნიციპალურ დონეზე

  • კორუფციის ნიშნები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში – შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი მაღალჩინოსნების (ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და გიორგი ბალიაშვილი) და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველების (ნუგზარ და ნუკრი აბალაკები) კომპანიებმა – შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ – 2011-2020 წლებში 200 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვები ძირითადად უკონკურენტოდ მიიღეს.
  • კორუფციის ნიშნები კახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში – კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანალიზმა (167 მილიონ ლარზე მეტი 2013-2020 წლებში) გამოავლინა, რომ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს ხშირად (58 სუბიექტიდან 17 შემთხვევაში) იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები. 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი – რამდენიმე დღეში.
  • ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიის საეჭვო მონაწილეობა ნინოწმინდის მუნიციპალურ შესყიდვებში – ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის შესყიდვების ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.
  • სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის არჩევის შემდეგ მისი ძმა თამაზ მელიქიძე (შპს „ნუკია”) და რძალი ნანა მაისურაძე (ააიპ „სათნოების სახლი”) ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ მალხაზ მელიქიძემ (სს „XXI საუკუნე“) ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.
  • კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში – შპს „ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი (2011-2014), ბადრი რომანაძეა. კომპანიამ 2015-2019 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 18,809,434 ლარი მიიღო.
  • საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორმა ოთარ ბუზარიაშვილმა (შპს „ახალი კომპანია 2018“) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 1,336,748 გამარტივებული შესყიდვა იყო.
  • კორუფციის ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში – ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მისი შვილის დავით მირიანაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა (შპს „სეივონი”, შპს “მ.ს.მშენი”, შპს „ინტერ პლიუსი”, შპს “ორბა 7”, შპს “თი ენ სი” და შპს “ცოტნე”), 2013-2019 წლებში 5,375,427.64 ლარის შესყიდვები მიიღეს.
  • ბათუმის საკრებულოს წევრთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილმა კომპანიამ შპს „აჭარგანათებამ” 2011-2019 წლებში ბათუმის მერიის შესყიდვებიდან 23 მილიონ ლარზე მეტი უკონკურენტოდ და, ზოგ შემთხვევაში, მორგებული პირობებით მიიღო.
  • ახალციხის მერის მრჩევლის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის (ინფრასტრუქტურის საკითხებში) გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.
  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორი ბაგრატ ღვინჯილია (შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს (5 მილიონ ლარზე მეტი) უკონკურენტოდ იგებს.
  • ახალციხის მერის კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში – 2015 წელს ახალციხის მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძის კუთვნილმა და ყოფილმა კომპანიებმა (შპს „მელიზა” და შპს „მესხეთი XXI”) ახალციხის მუნიციპალიტეტისგან სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნული პრობლემის დაძლევის ერთადერთ გზად ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მიიჩნევს, რომელიც ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციის შემთხვევების გამოსაზიებლად აღიჭურვება შესაბამისი რესურსებით და უფლებამოსილებით. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აქტიური ჩარტულობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიც დარეგისტრირდა.

“იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და საქართველოში დაიწყება რეალური ბრძოლა ე.წ. ელიტურ კორუფციასთან”, – წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი