ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალს ბინა დისკრიმინაციული მოტივებით არ მიაქირავეს – ომბუდსმენი

26 დეკემბერი, 2020 • 988
ტრანსგენდერ ქალს ბინა დისკრიმინაციული მოტივებით არ მიაქირავეს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე, მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი უძრავი ქონების აგენტს მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. კომუნიკაცია ჯერ ტელეფონის, შემდეგ კი – Viber-ის მეშვეობით შედგა.

“უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა”, – აღნიშნავს “თანასწორობის მოძრაობა”.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ტრანსგენდერი ქალი კვლავ ცდილობდა, დაკავშირებოდა აგენტს, რათა მოეძიებინა თავისუფალი ფართი, თუმცა უშედეგოდ.

“მიმოწერის ამ ეტაპზე [ტრანსგენდერი ქალი] კვლავ ეკითხება [აგენტს] უარის მიზეზს, რაზეც უძრავი ქონების აგენტი პასუხობს: “რა რატო გეუბნები არ მაქვს და არც მცალია”.

” [აგენტი] საუბარში მიმართვის ფორმად ერთჯერადად იყენებს სიტყვას „ბიჭო“. ამან [ტრანსგენდერი ქალის] პროტესტი გამოიწვია, და მიუთითა, რომ მისი სახელი იყო მ.. ამის შემდგომ [აგენტმა] უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მ… და კვლავ მამაკაცის სახელზე გაამახვილა ყურადღება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა და მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა:

“სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე”.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უშუალოდ უძრავი ქონების აგენტს, მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი