ნეტგაზეთი | მიწის მიტაცება სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდება – კალაძე ახალ ინიციატივაზე მიწის მიტაცება სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდება – კალაძე ახალ ინიციატივაზე – Netgazeti
RU | GE  

მიწის მიტაცება სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდება – კალაძე ახალ ინიციატივაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მომზადებულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მიწის მიტაცება სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდება.

კალაძემ დღეს თბილისის საკრებულოს წარუდგინა ბიუჯეტის პროექტი და წლიური ანგარიშით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების კუთხით დღევანდელი კანონმდებლობა სუსტია.

„სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის.

რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა – ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ.

მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯდებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამავე გამოსვლის დროს კახა კალაძემ საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

ის ამბობს, რომ მერიამ საბინაო ფონდის შექმნა დაიწყო.

„როდესაც კოეფიციენტების მატება იყო შესაძლებელი, ყველა ასეთ პროექტზე კომპანიები დავავალდებულეთ, რომ იმ კოეფიციენტის მატების შემთხვევაში, რა მოთხოვნაც იყო და ურბანულად პრობლემას არ წარმოადგენდა, აშენებული ფართებიდან 10% დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცემათ.

მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით,10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან