“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრსა და საბიუჯეტო თანხების ხარჯვას პარლამენტს გარედანაც გააკონტროლებს.
“დიდი ორიგინალური სატირა დააკლდება ქვეყანას, არა ვარ რა მათ გვერდით. რაც შეეხება იმას, რომ დავაკლდებით [ქართულ ოცნებას], არ დავაკლდებით, გარედანაც იქნება ძალიან სერიოზული კონტროლი მათზე და როდესაც პარლამენტის ტრიბუნასთან დადგება ფინანსთა მინისტრი და გაიხედავს მარჯვნივ, მესამე რიგის მესამე სკამზე მოველანდები მე. არ მივცემ ვირტუალურად იმის უფლებას, რომ ატყუოს ხალხი, ფლანგონ ფინანსები და ყოველთვის ვიქნებით სადარაჯოზე”, – განუცხადა გოცირიძემ “ფორმულას” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ირონიული გამოსვლის საპასუხოდ იმის შესახებ, თუ როგორ დააკლდება ოპოზიცია პარლამენტს.
ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მისამართით ირონიული მიმართვა წაიკითხა. მან ჩამოთვალა ოპოზიციის წარმომადგენლები და ის “მიზეზები”, თუ რატომ “დააკლდნენ” პარლამენტს ისინი.