ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი თბილისის 2021 წლის თავდაცვის პროგრამას აპროტესებს – რა ხდება სინამდვილეში

27 დეკემბერი, 2020 • 2102
სოხუმი თბილისის 2021 წლის თავდაცვის პროგრამას აპროტესებს – რა ხდება სინამდვილეში

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აფხაზურ წრეებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თბილისმა, ისევე როგორც ბაქომ, ძალის გამოყენებით აღარდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის საპარლამენტო მოსმენის შემდგეგ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დე ფაქტო უწყება საქართველოს მიერ 2021 წელს საბრძოლო დრონების შესაძლო შეძენას აკრიტიკებს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოითხოვს “დეტალურ ახსნა-განმარტებას ქართული მხარის მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდის” შესახებ.

საქართველოში ქვეყნის მილიტარიზაციასა და კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლო მცდელობას კონფლიქტოლოგები “არასერიოზულს”, ხოლო აფხაზურ განცხადებას “აფხაზეთის შიდა აუდიტორიაზე” გამიზნულ წერლის უწოდებენ.

რა წერია სოხუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

“როგორც თავდაცვის მინისტრის [იმჟამად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის] ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვიდან ხდება ცნობილი, რომელიც მან საპარლამენტო მოსმენისას წარმოთქვა, საქართველო 2021 წელს გეგმავს შეიძინოს საბრძოლო და სადაზვერვო უსახელო საჰაერო აპარატები. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას საქართველოსა და ისრაელს შორის საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის სრული განახლების შესახებ, ახლახანს მოეწერა ხელი”, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ქართული მხარე ცდილობს მისი მოქმედებები გაამართლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების არგუმენტებით, თუმცა ძალიან ძნელია გაამართლო სადაზვერვო და საბრძოლო უსახელო საგაერო აპარატების (UAV) შეძენის გეგმა თავდაცვის ინტერესებით”, – აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთი.

სოხუმის განცხადებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საბრძოლო დრონების გამოყენებით, აზერბაიჯანულმა მხარემ შეძლო შეტევითი ოპერაციების განხორციელება. განცხადების მიხედვით, “ამგვარი თანამედროვე ტიპის იარაღი შეიძლება გამოიყენონ [ქართულმა მხარემ] გადაუჭრელი კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებისათვის”.

დე ფაქტო აფხაზეთის აზრით, თბილისის მილიტარიზაციის პროცესი მხარდაჭერილია ოფიციალური ვაშინგტონის მიერ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ სწორედ აშშ-სგან მოითხოვს საქართველოს მიერ იარაღის შესაძლო შეძენის შესახებ.

რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საშაულებების განვითარებაზე.

ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს დასრულდება ე.წ. ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა, პირველი ფაზისას კი საქართველომ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და “მისტრალი 3”-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო.

ასევე, 2021 წელს იგეგმება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “რაფაელის” სრულ განახლება ისრაელთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

“წელს ვგეგმავთ თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვას. მომდევნო წელს გავაფორმებთ ჯავშანსაწინააღმეგო საშუალებების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, გასულ წლებში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო “ჯაველინის” ერთი პარტია, 2021 წელს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან [აშშ] თანაშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, ასევე დაგეგმილი გვაქვს უფრო ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე, დაგეგმილია საავიაციო პარკის განახლება.

“2021 წელს შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ, უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს, განვავითარებთ რადიო და ელექტრონულ სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებებს. 2021 წელს დავასრულებთ ჯარის აღჭურვას ნატო-ს სტანდარტების მ4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით და სხვა საშუალებებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას განიხილავენ.

სწორედ სიტყვის ამ ნაწილის გამო გამოთქვამენ შეშფოთებას დე ფაქტო რესპუბლიკაში.

გზავნილი შიდა აუდიტორიას

“დრონების საკითხის აქტუალიზაცია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს მოხდა. განცხადებაც ამაზე აპელირებაა, თუმცა ყარაბაღი და აფხაზეთი სრულიად განსხვავებული კონფლიქტებია თავისი არსითა და ჩართული მხარეებით. აფხაზეთში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო კონფლიქტების გადასაწყვეტად ძალას არ გამოიყენებს. არა იმიტომ, რომ თვისებრივად განვსხვავდებით სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის აზერბაიჯანისგან, არამედ სამხედრო ბალანსი იმგვარადაა გადანაწილებული, ასევე აფხაზეთში რუსეთის ძალების არსებობა, ცხადად გვაჩვენებს, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზებზე არ ფიქრობს”, – აცხადებს კონფლიქტებისა და მშვიდობის მკვლევარი, პარტია “ლელოს” წევრი გიორგი კანაშვილი.

მისი განცხადებით, საქართველოში არ მიმდინარეობს მილიტარიზაციის პროცესი, ამიტომ აფხაზური მხარის განცხადება, მათ რეალურ მოლოდინებს არ ეფუძნება.

“ეს განცხადება სერიოზულად განსახილველი იქნებოდა, თუ საქართველოში მილიტარიზაცია წლების განმავლობაში წარიმართებოდა, საქართველო აქტიურად რომ ყიდულობდეს შეიარაღებას, ეს ყოველივე რომ აისახებოდეს ქვეყნის საგარეო რიტორიკაზე. სანაცვლოდ, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი წლიდან წლამდე ლარის გაუფასურების გამო ფაქტობრივად მცირდება. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ აფხაზებს აქვთ მოლოდინები მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის, მაგრამ ეს ასე არაა”, – ამბობს კანაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

კანაშვილის აზრით, გავრცელებული განცხადება უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, ვიდრე რეალური შეშფოთა საქართველოს მოქმედებებით.

“მე ეს განვხადება მგონია არა გარე აუდიტორიაზე, არამედ შიდა, აფხაზურ აუდიტორიისთვის გაკეთებული. ბოლო პერიოდში აფხაზური დე-ფაქტო მთავრობა შედარებით “ხავერდოვანი” და დიალოგზე საუბრობდა, რის გამოც ადგილობრივ წრეებში ხშირად კრიტიკებოდნენ. ეს განცხადება შიდა აუდიტორიისთვისაა, რომ ანახონ რომ საქართველოს წინააღმდეგ ხისტი გზავნილები გაავრცელეს”, – ამბობს კანაშვილი.

თავდაცვა ზრდადი თუ კლებადი ბიუჯეტით

საქართველო სამხედრო შეიარაღებასა და მომსახურებას ძირითადად უცხოურ ვალუტაში ყიდულობს. გამონაკლისია საქართველოში არსებული საწარმოები, მაგალითად “დელტა” და “სატანკო სარემონტო ქარხანა”. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ლარის ამერიკულ დორანთან მიმართებაში გაუფასურებისას, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა უცხოურ ვალუტაში, კონკრეტულად კი აშშ დოლარში, მცირდება.

საქართველოს 2016 წლის თავდაცვის დამტკიცებული ბიუჯეტი 670 მილიონი ლარი იყო, საიდანაც თითქმის 405 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯებოდა. 2017 წელს თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა და 748 მილიონი ლარი შეადგინა. 2018 წელს ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და შეადგინა 802 მილიონი, ხოლო 2019 წელს – 875 მილიონი ლარი გახდა. 2020 წლის თავდაპირველი დამტკიცებული ბიუჯეტით, თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეხარჯა 880 მილიონი ლარი, თუმცა კორონა ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად შეცვლილი ბიუჯეტის კანონ-პროექტის მიხედვით, სამინისტრომ 805 მილიონი ლარი გამოეყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა ლარში 2016 წლიდან 2019 წლამდე იზრდებოდა, აშშ დოლარში მცირდებოდა ან არ იცვლებოდა. 2020 წელს ბიუჯეტის მოცულობა მცირდება როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის გავრცელების გამო ბიუჯეტის შეკვეცითა და ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებით. მონაცემთა წყარო: თავდაცვის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო/ დიაგრამა ზურაბ მენაღარიშვილი

2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრისას ერთი აშშ დოლარის კურსი განსაზღრულია 2.5 ლარად. შესაბამისად, ამ წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 268 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2017 წელსაც აშშ დოლარის ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 2.5 ლარი იყო. შესაბამისად თავდაცვის ბიუჯეტის ოდენობა 299.2 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. 2018 წელს 1 აშშ დოლარი ბიუჯეტში განსაზღვრულია 2.66 ლარად. თავდაცვის ბიუჯეტი ამ წელს 301 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2019 წელს ბიუჯეტის პროექტში დოლარი 2.96 ლარია, შესაბამისად თავდაცვის დამტკიცებული ბიუჯეტი გამოდის 295.6 მილიონი დოლარი. ბიუჯეტის 2020 წლის საბოლოო ვერსიაში, 1 აშშ დოლარი 2.96 ლარია. შესაბამისად უწყების ბიუჯეტი ამ წელს თითქმის 272 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მითითებული წლების განმავლობაში, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აშშ დოლარის კურსი ზოგჯერ ნაკლები იყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღემატებოდა ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულ კურსს. 


აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ გირჩევთ სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან:

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი