ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზმა დეპუტატებმა გალის ბიუჯეტის შემცირება მოითხოვეს

25 დეკემბერი, 2020 • 1158
აფხაზმა დეპუტატებმა გალის ბიუჯეტის შემცირება მოითხოვეს

სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა კვლავ განიხილეს 2021 წლის აფხაზეთის ბიუჯეტი, რომელიც ამ ეტაპზე ერთი მოსმენით [9 დეკემბერს] არის მიღებული,. სხდომაზე ყველაზე დიდი ხმაური გალის რაიონის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა.

ოფიციალური ცნობით, 2021 წელს გალის რაიონის ბიუჯეტი 231 მილიონი რუსული რუბლია [დაახლოებით, 3 მილიონი აშშ დოლარი], საიდანაც 190 მილიონი აფხაზეთის ცენტრალური ბიუჯეტიდანაა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის, კონსტანტინე ფილიას ცნობით,  ცენტრალური ბიუჯეტის ფული მთლიანად ხელფასებსა და საბავშვო ბაღებში კვებას ხმარდება. თავად რაიონის შემოსავლები კი 42 მილიონი რუბლი [დაახლოებით, 570 ათასი აშშ დოლარი] უნდა იყოს.

„აფხაზების რა რაოდენობა ცხოვრობს გალში? ისმის კითხვა, ვის ვუხდით ფულს?”, – დასვა კითხვა აფხაზმა დეპუტატმა ნატალი სმირმა, რომელიც გალის ბიუჯეტის 50 მილიონი რუბლით შემცირებას ითხოვს.

გალის რაიონის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია ამბობს, რომ  რაიონის 80% ეთნიკური აფხაზია, რომელთაც გვარები აქვთ შეცვლილი.

“ყველა ეს ადამიანი ჩვენია, დიახ, ომი გვქონდა და ის ნათესავებიც გვძულს, რომლებმაც ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ ეს უნდა დავასრულოთ. თუკი პასპორტებით დავითვლით, მაშინ ბიუჯეტი სულ არ გვჭირდება”, – განაცხადა ფილიამ.

ფილიას განცხადებითვე, გალის 30 ათასი მცხოვრებიდან 1000 ადამიანს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.

გალის რაიონის დოტაციის შემცირების მომხრეა დეპუტატი გივი კვარჩიაც. ის ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნის [საქართველო] ინფორმაციით, მიმდინარე წელს ენგურს გაღმა მხოლოდ 64 მილიონი რუბლის [800 ათას დოლარზე მეტი] ღირებულების თხილი გაიტანეს.

“გამოდის, ქვეყნის ბიუჯეტში კოლოსალური შემოსავლები უნდა იყოს, ჩვენ კი ისევ გალის რაიონს ვაძლევთ ფულს?”.

ფილია ამბობს, რომ მიმდინარე წელს 450 ტონა თხილი იყო გატანილი, საიდანაც შემოსავლები ბიუჯეტში არ შესულა, რადგან თხილი კერძო პირებს ეკუთვინით, საზღვარზე კი გადასახადებს არავინ იხდის.

“ჩვენთვის გასაგები იყო, რომ კორონავირუსის ფონზე კერძო პირი საკუთარ პროდუქციას ვერ გაიტანდა, ჩვენ გადაგვქონდა სატვრითო მანქანით ქართული მხარის გამშვებ პუნქტამდე. გალში არსებობს მუნიციპალური აგრარული საწარმო, რომელსაც კილოგრამზე ორი რუბლის სანაცვლოდ გადააქვს. საბოლოო ჯამში, 900 ათასი რუბლი [დაახლოებით, 12 ათასი აშშ დოლარი] შემოვიდა, რომელიც საჭიროებისამებრ გავხარჯეთ”, – აცხადებს ფილია.

აფხაზეთის ბიუჯეტის განხილვა სოხუმში; ფოტო: apsnypress

მასალების გადაბეჭდვის წესი