ახალი ამბები

კოვიდზე ტესტი და ახალ წელი ოჯახთან – ექთანი ინფექციური საავადმყოფოდან | ისტორია

31 დეკემბერი, 2020 • 2308
კოვიდზე ტესტი და ახალ წელი ოჯახთან – ექთანი ინფექციური საავადმყოფოდან | ისტორია

სახლში მარტო დავრჩი და თვეები შვილიშვილებს ვერ ვნახულობდიო – ყვება ლელა კოჭლამაზაშვილი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მეოთხე განყოფილების მთავარ ექთანი. 

თვეების შემდეგ ახალ წელს ოჯახის წევრებს შეხვდება, მანამდე კი ნეტგაზეთს თავის ისტორიას უყვება ზეპირი ისტორიების სერიისთვის  “ადამიანები პანდემიის დროს”. 

მარტო სახლში – თვეები გადიოდა, ჩემს შვილიშვილებს ვერ ვნახულობდი

პანდემიამ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 

ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს. ყველანი გავხიზნე სახლიდან. მარტო დავრჩი. თვეები გადიოდა, ჩემს შვილიშვილებს ვერ ვნახულობდი. სამსახურში უფრო მეტად ვჭირდებოდი, ვიდრე აქ, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს.

როგორი განცდა მაქვს, იცით? 28 წლის მანძილზე, ალბათ, სულ სამჯერ ჩავატარე მორიგეობა. არ იყო იქამდე ამის საჭიროება, რომ უფროს ექთანს მორიგეობები ჩამეტარებინა. მაგრამ ეს რომ დაიწყო, თითქმის ყველა დღე სამსახურში ვიყავი.

ახალი წლის ღამეს მორიგე არ ვარ –  გავიტესტე და უარყოფითია.  ამიტომ წავალ აუცილებლად შვილებთან, იმიტომ, რომ უკვე ვგრძნობ, ნევროზისკენ მივდივარ. ჩემი შვილებით ვსულდგმულობდი წლების მანძილზე და რაც ყველაზე მეტად მიქმნის დისკომფორტს, არის ის, რომ მათთან ურთიერთობა მაქვს შეზღუდული.

ძალიან ბევრი რამ გადაფასდა ჩემთვის ამ პერიოდში. შეიძლება, ვიღაცამ მოისმინა კორონაზე, ვიღაცამ ერთი და ორი ნახა… ამ დროს მე ჩემი თვალით ვნახე ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირდათ…. რომელთაც თანადგომა სჭირდებოდათ…

…ძალიან ბევრმა რამემ დაიხია უკან, მათ შორის, მატერიალურმა. სულ ვფიქრობ, თუ ქართველები და მთელი მსოფლიო გადავრჩებით, ეს მოხდება თანადგომით, ერთმანეთის გაგებით.

ძალიან მაღიზიანებს ბევრი შეუგნებელი ადამიანის ქცევა, რომელმაც თუნდაც იცის, რომ კორონავირუსი, შესაძლებელია, ჰქონდეს და არ მიდის ტესტირებაზე, დადის ქუჩაში… შეიძლება, ის წყარო გახდეს შემდეგ.

ჩემს ახლობლებს სულ ვაფრთხილებ, რომ შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს, იყოს ამ ვირუსის მატარებელი და მივიდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც ვერ გადაიტანს ამ ვირუსს. რატომ უნდა იყოს ის ადამიანის მკვლელი ამის გამო?

ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ რომელიმე დავინფიცირდეთ

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. ისე მოხდა, რომ პირველ წელს ვერ ჩავაბარე. ამიტომ ვიფიქრე, სამედიცინო ტექნიკუმს დავამთავრებ და მომდევნო წელს გავაგრძელებ ინსტიტუტში სწავლას-მეთქი.

ტექნიკურის დამთავრების შემდეგ გადანაწილება იყო და ცოტა ხანი უნდა გვემუშავა რომელიმე საავადმყოფოში. ასე მოვხვდით ინფექციურ საავადმყოფოში. იმდენად გავითავისე, იმდენად კარგი კოლექტივი დამხვდა, ვიფიქრე, ცოტა ხანი ექთნად ვიმუშავებ-მეთქი. სამი თვის მისული ვიყავი და ალბათ დავიმსახურე ის, რომ წინა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უფროს ექთნად დავენიშნე. 28 წელია, უფროსი ექთანი ვარ. 

ერთი, ძლიერი გუნდი ვართ. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე აქ: მეგობრობა, თანადგომა, თანამშრომლობა…

ამ პროფესიას როცა ირჩევს ადამიანი, ყოველთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მეორე ადამიანს თანადგომით, სიყვარულით, თავისი გამოცდილებით, ყველაფრით დაეხმაროს.

ვიცოდი, არსებობდა ძალიან ბევრი ისეთი დაავადება, რომელთა შემთხვევაშიც პატარა შეცდომა იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ გადამდებოდა ან ქრონიკულ დაავადებაში გადამსვლოდა. თუნდაც, ვირუსული ჰეპატიტები. გათვიცნობიერებული ნამდვილად მქონდა, რომ ინფექციური ცოტა რთული და საშიში სამსახურია. ეს არ არის ჩვეულებრივი ექთნის საქმე.

კოვიდის დროს ხომ საერთოდ. მთელი მსოფლიო აღიარებდა, რომ ვებრძოდით უხილავ ვირუსს, რომლის გადადების მექანიზმები ბოლომდე კიდევ არ ვიცით. რომ დაიწყო ამასთან ბრძოლა, ჩემს მაგალითზე გეტყვით, ადრენალინის მოძალებასავით გვქონდა ის, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა დავიცვათ, ეპიდრეჟიმი არ უნდა დაირღვეს…

ჩაცმის დროსაც, ერთმანეთს ვაკვირდებით, ვინ როგორ ვიცვამთ, ხომ ყველაფერი მწყობრშია… სულ ერთმანეთის დაკვირვებაში ვართ, რომ ვინმეს რამე არ შეგვეშალოს. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ რომელიმე დავინფიცირდეთ, ჩვენ უკან კი სხვა თანამშრომლები და ოჯახები დგანან.

ვერ მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ ინფექციურის თანამშრომელი წვეულებაზე წავსულიყავი

პანდემიამდე ჩემი სამუშაო საათები მთავრდებოდა პარასკევს საღამოს.  შაბათ-კვირას ისევ ოჯახის გარშემო ვტრიალებდი –  ეკლესიაში წასვლა იყო პრიორიტეტი ჩვენთვის, ქალაქგარეთ გასვლა ერთად, კინო, თეატრი… ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.

ახლა, არიან ჩემი ახლობლები, ვინც გათხოვდა, მაგალითად. კი, ძალიან მცირე წრეში გააკეთეს, მაგრამ ნამდვილად ვერ მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ ინფექციურის თანამშრომელი წვეულებაზე წავსულიყავი.

ბევრგან ვერ მიდიხარ, იზღუდები… როგორც ინფექციურის თანამშრომელი, შენ უნდა იყო მაგალითი სხვისთვის.

შეიცვალა ის, რომ ოჯახის წევრებთან ვერ მივდივარ. ბევრი რამით, რითაც იქამდე ცხოვრებას ვიხალისებდი, ახლა ამას ვეღარ ვაკეთებ კოვიდის გამო.

როცა კოვიდი გამოჩნდა: პირველი პაციენტი, პირველი ნაბიჯები

სულ მეგონა, რომ საქართველოში ცოტა ნაკლებად იქნებოდა ეს ვირუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საზღვრები ღიაა, ამდენი ტურისტი მიდი-მოდის, მივხვდი, რომ ჩვენკენაც სწრაფად წამოვიდოდა.

ინფექციურში ყოველდღე ვეკითხებოდით ერთმანეთს: “დღეს რამე მოხდა?” მე ვიცოდი, რომ ბოქსირებული განყოფილება იყო ყოველთვის მზადყოფნაში. ჩემს მეგობარს, იმ განყოფილების უფროს ექთანს ხშირად ვურეკავდი ხოლმე, “მანანა, რა ხდება შენკენ?”

ჩვენ ძალიან ხშირად გვიტარებდნენ ხოლმე ტრენინგებს, გვაცნობდნენ ჯანმოს მოწოდებულ სიახლეებს. როგორც უფროს ექთანს, მე უნდა მესწავლა ეს ყველაფერი, ამეთვისებინა და შემდგომ განმეხორციელებინა ჩემს განყოფილებაში. ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. მათ შორის, ვირუსის მართვა.

პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა ეს ვირუსი. სულ მალე ამ კაცზე ყველაფერი ვიცოდით: ვინ იყო, სად იყო მანამდე, როგორ გრძნობდა თავს… ყველანი ვგულშემატკივრობდით, რომ მალე გამოჯანმრთელებულიყო.

“კოვიდი არა ის! – ძალიან მწყინდა, როცა ექიმებიც ამბობდნენ ამას

ხშირად გვირეკავენ ჩვენი ახლობლები. იმდენი ურწმუნო თომა მყავდა გარშემო… სულ ამას ამბობდნენ: “კარგი რა, კოვიდი არა ის!” ძალიან მწყინდა, როცა ექიმებიც ამბობდნენ ამას. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ სხვა სფეროს წარმომადგენლებზე, თორემ ინფექციურში ყველას გათვიცნობიერებული გვქონდა, რომ ეს საფრთხე ჩვენც დაგვემუქრებოდა.

მახსოვს, ჩემი სიძის მეგობარმა თქვა, მთელი ევროპა მოვიარე, იტალიაშიც ვიყავი და სულ მგონია, მაფიაა, მაგრამ რახან ლელა დეიდა ამბობს, მარტო მაშინ მჯერა, რომ არ იტყუება და კოვიდი არსებობსო. სამწუხაროდ, ბევრმა გამოსცადა თავის თავზე ეს საშინელი დაავადება.

ღორის გრიპის დროსაც იყო ეპიდემია, მაგრამ მაშინ წამალი არსებობდა, ჩემო კარგო. მისცემდი ამ წამალს და მალე კარგად გრძნობდა ადამიანი თავს. ახლა, სამწუხაროდ, ეს დაავადება იმხელა გართულებებს იწვევს, სხვა ორგანოების ჩათრევის იმდენად დიდი რისკია…

მეორე ტალღა: მწვავე პაციენტები მწვავე ისტორიებით

პირველი ტალღა მობილიზების, უფრო მეტის სწავლის, გამოცდილების დაგროვების დროს გვაძლევდა. მეორე ტალღა რომ დაიწყო, ეს ყველაფერი უკვე ვიცოდით. მაგრამ თვითონ პაციენტების კონტიგენტი უფრო მძიმეა ახლა. რა თქმა უნდა, მათ მეტი მოვლა სჭირდებათ, დატვირთვა მეტია…

ადამიანს როცა უჭირს, როცა შენს მეტი პატრონი არ ჰყავს, მაშინ უფრო ძლიერი ხდები და არ აძლევ თავს უფლებას, რომ მოდუნდე. პაციენტი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მნახველი მივიდეს მასთან. შენ ხარ მისი ოჯახიც და პატრონიც. შენ უნდა გამოაჯანმრთელო და იმდენი მაინც შეძლო, რომ ტელეფონში მომკითხავს უთხრას: “ნუ გეშინიათ, კარგად ვარ”.

იყო შემთხვევა, როცა პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. მე და ჩემი მეწყვილე უცებ შევედით ეკიპირებით, დავურეკეთ მორიგე ექიმს, რომ დაგვხმარებოდა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ყველაზე დიდ გართულებას ჟანგბადის მიწოდების კუთხით იწვევს. სატურაცია რომ გავუზომეთ, ძალიან დაბალი იყო.

ჩვენი საავადმყოფო ბევრი ორსართულიანი შენობისგან შედგება. ეს კაცი სასწრაფოთი იყო გადასაყვანი ჩვენი განყოფილებიდან  ბოქსირებულ განყოფილებაში. 2-3 წუთში მორიგეც მოვიდა. თვალსა და ხელს შუა გვიმძიმდებოდა ადამიანი.

ხელი მომკიდა და მითხრა, ხმით გცნობ, შვილო, ოღონდაც გადამარჩინეო. ამეტირა მაშინვე, მამაჩემი წარმოვიდგინე უცებ. ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მეც გამოგყვებით-მეთქი. სამწუხაროდ, განყოფილებიდან გასვლის უფლება არ გვაქვს, ამიტომ, კარამდე გავყევი. ხელს მიჭერდა, მეც უფრო მეტად ვეფერებოდი, ვამშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.

ყოველ წუთში ვრეკავდი ბოქსირებულში, ვკითხულობდი, როგორ იყო. სულ მეკითხებოდნენ, შენი ვინმეაო? ღმერთის წყალობით, ეს კაცი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული წავიდა კლინიკიდან.

ავტომატი გადადო გვერდზე და ტაში დამიკრა. ვიტირე

ერთხელაც, ზარია საავადმყოფოს განყოფილების კარზე. ვაღებ და დგას ახალგაზრდა ბიჭი. ქალბატონო, აქვე, მეზობლად ვცხოვრობ და დედამ ეს თქვენთვის გამომატანაო. პირადად  ჩემთან-მეთქი? – შევიცხადე. არა, თქვენს განყოფილებაშიო.

ძალიან ლამაზად დაწყობილი, დედამისის გამომცხვარი ხაჭაპურები ეჭირა. ჩვენთან ვინმე გიწევთ-მეთქი? კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ მოწმენდილ ცაზე მოვიდა ეს ბიჭი. არა, ქალბატონო, ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და უბრალოდ, თქვენი შრომა მინდა დავაფასოო.

მსოფლიოს ქვეყნებში რომ ტაში დაუკრეს მედპერსონალს და ეს გაიმეორეს საქართველოშიც, იცით, რამდენს ნიშნავდა ჩვენთვის? ხომ ტაში იყო?.. ისე ვიტირე იმ ბიჭის საქციელზეც… ყველაფერზე ვტიროდი.

ასეთი ამბავიც მქონდა: სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლოს ვცხოვრობ. პირდაპირ ჩემს სახლს გადმოჰყურებს საგუშაგო. ერთხელ, ღამის ორი საათია, მოვედი სახლში მანქანით. კი არ გადმოვედი, თითქოს, რაღაცამ გადმომაგდო. მოვლასლასებ სახლისკენ და ამ დროს საგუშაგოდან მეძახის ახალგაზრდა ბიჭი.

თქვენ ექიმი ბრძანდებითო? [უბანში “ლელა ექიმად” მიცნობენ]. ვიფიქრე, ამ ბიჭსაც რაიმე სჭირდებოდა და ვკითხე, რამე გიჭირთ-მეთქი? არა, უბრალოდ, ვიცი, რომ ექიმი ხართო, ავტომატი გადადო გვერდზე და ტაში დამიკრა. რომ დავიწყე ტირილი, არ ვიცი, გაუჩერებლად ვტიროდი. ამ თანადგომამ და ურთიერთობამ ამატირა.

ის, რასაც ვაკეთებ, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. არ ვამბობ იმას, რომ ვინმე რამის ვალდებულია. მაგრამ სასიხარულოა, როცა ადამიანი ხედავს, ამ მოვალეობის იქით რას აკეთებ.

მომენტი, როცა შემეშინდა

ზონაში, სადაც აღჭურვილობით შევდივარ, ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. ვფიქრობდი, რომ გონს დავკარგავდი და წავიქცეოდი…

რკინადეფიციტური ანემია მაქვს და ჟანგბადი ცოტათი შეფერხებით რომ მომეწოდა, იმოქმედა ამან. ასევე ვფიქრობდი, ახლა მე რომ წავიქცე, სანამ მე მომხედავენ, იქ პაციენტია, იქ ჩემი თანამშრომლები რამდენს ინერვიულებენ-მეთქი… ამასობაში, შევძელი, რომ მივსულიყავი ფანჯარასთან და იქ უკვე ჩავისუნთქე ჰაერი.

შიში მაქვს განა იმისი, რომ მე დავინფიცირდე, ყოველთვის შიში მაქვს იმისი, რომ თანამშრომლები არ დავაინფიცირო. ახლაც, ნიღაბი რომ არ მიკეთია და ონლაინ გესაუბრებით, მგონია, ვაშავებ.

მედპერსონალი ნამდვილად არ არის ბევრი, ნამდვილად დეფიციტია ექთნების. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გაუფრთხიდლნენ ერთმანეთს. ძლიერი ნაკადი თუ წამოვიდა, ამას ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს. ევროპის ქვეყნები ვერ უძლებენ ამას. დაიცვან დისტანცია, გაიკეთონ ნიღაბი, მოერიდონ თავყრილობებს.

ახალი წელი მოდის, ვფიქრობ, რას გავაკეთებ, ბავშვებს რა საჩუქარს გავუკეთებ… მაგრამ სულ მაქვს იმის შიში, რომ ღმერთმა არ გაუჭირვოთ… თუ გაუჭირდათ, შეიძლება, ჩემს განყოფილებაშიც ვერ მოვნახო ადგილი, რომ ჩემი შვილი დავაწვინო.

როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე

ერთი ქალბატონი გვყავდა. პირველ პერიოდში იყო ასეთი რეჟიმი: თუ პაციენტი რაღაც პერიოდის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, აუცილებლად PCR ტესტი უნდა გაკეთებულიყო, ყოფილიყო უარყოფითი და 24 საათში ეს ტესტი კვლავ გამეორებულიყო. თუ მეორე შემთხვევაში უარყოფითი იქნებოდა, პაციენტს ვწერდით.

იყო შემთხვევა, როცა ქალბატონი ერთი თვე გვეწვა. შეიძლება, მეტიც. ასე, უკეთესობა იყო, გავუკეთებდით PCR-ს, იყო უარყოფითი, შემდგომ კვლავ გავიმეორებდით – იყო დადებითი და ასე გრძელდებოდა.

ამ ქალს უკვე დაეწყო ნევროზი. პატარა რამეზეც ღიზიანდებოდა. გვეუბნებოდა, “თქვენ რას გერჩით, მაგრამ…” და იწყებდა ტირილს და ა.შ. სულ ვამშვიდებდით ამ ქალს და თან ძალიან განვიცდიდით მის მდგომარეობას.

ერთ დღესაც, მეორე ტესტზეც რომ უარყოფითი შედეგი მოვიდა, რაც უკვე გამოჯანმრთელებას ნიშნავდა, მაშინ ვიყავი ყველაზე მეტად ბედნიერი, რომ ეს ქალბატონი განყოფილებიდან მიდიოდა მადლიერი.

ექთნის დამხმარე განსაკუთრებულ პაციენტზე

შესაბამის ზონაში ვიყავით შესულები, ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით და უცებ, ერთი პაციენტი რეკავს პალატიდან, მეკითხება მეორის მდგომარეობაზე, თუ რატომ არ გადაწყდა მისთვის მეორე გადასხმის გაკეთება. ვუთხარი, ახლავე შემოვალ და ავუხსნი-მეთქი. მპასუხობს, ქართული არ იცის ამ კაცმა და მე გადაგითარგმნითო.

როგორც წესი, პაციენტს როცა რამე აინტერესებს, იქ შუამავალი არ არის საჭირო, ისეთი კითხვები აქვთ ხოლმე…

მოვრჩი საქმეს, შევედი ამ პაციენტთან და დავუწყე რუსულად საუბარი. აზერბაიჯანელი იყო, რომელსაც ქართული არ ესმოდა. ეს ბიჭი, ვინც მანამდე მოგვმართა, მოტრიალდა და “ყოჩაღო”, მეუბნება. ვუთხარი, რა ყოჩაღ, მე თუ არ ვიცი რუსული… ეგ კი არა, ცოტა აზერბაიჯანული და სომხურიც ვიცი- მეთქი! 

ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. ხომ ექთანი ვარ და ის ექთნის დამხმარე იყო იმ პალატაში. თუ ვინმეს რამე უჭირდა, პირველი ზარი მისგან იყო. სანამ გადავრეკავდით, რომ გაგვერკვია პრობლემა, ეს ბიჭი კაი ექიმის დონეზე ყველაფერს გვიყვებოდა, რაც იყო იმ პალატაში საჭირო და უკვე მომზადებულები შევდიოდით ხოლმე.

ამის დიდი გამოცდილება გვაქვს: როცა ადამიანს უჭირს, ცუდის მოლოდინშია, თუ იმას ცოტა იუმორით არ გაუვარდისფრე ის პერიოდი, ძალიან რთულია. ხანდახან ისეთი რამეც გვითქვამს პაციენტისთვის, რომ იმ პერიოდისთვის უკეთესობის იმედი სულ არ გვქონია, მაგრამ მაინც დაგვიმშვიდებია.

ჯანმრთელობით დამძიმებულ ადამიანს სული აღარ უნდა დაუმძიმო.

ჩემი პროფესია დაფასებულია?

სამწუხაროდ, არა.

დაფასებულია რა კუთხით: როცა მიწევს ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლა, ბუღალტრიდან დაწყებული, აღმასრულებელ დირექტორამდე, ყველა აფასებს იმას, რომ თუ განყოფილებაში პაციენტი არ იქნება მოვლილი, სათანადოდ მიხედილი და თუ მას ექნა რაიმე პრეტენზია, ეს აუცილებლად აისახება საავადმყოფოს იმიჯზე.

ამ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ არ გვყავს  უკმაყოფილო პაციენტები. ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ იმ ინფრასტრუქტურითა და პირობებით, რაც გვაქვს.

ამას, რა თქმა უნდა, ხედავენ. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ მეტი დაფასება უნდათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამხელა რისკის ქვეშ არიან და ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ თვითონ არ იყვნენ ინფექციის წყარო. თუ ჩვენ დავინფიცირდებით, ბევრი მოუვლელი პაციენტი დარჩება.

ამასწინათ წავიკითხე, ერთი ექიმი რომ მოკვდეს, იმის იქით რამდენი მიუხედავი პაციენტი რჩებაო… ახლა ხომ მაინც დავრწმუნდით, რომ მედპერსონალი ცოტა მეტად დასაფასებელია, იმიტომ, რომ არ ვიცით, როდის რა იფეთქებს და როდის დაგვჭირდება ის მარაგები და კვალიფიცირებული თანამშრომლები.

…მთავრობამაც გაათვიცნობიერა ის, რომ არ შეიძლება, ინფექციური იყოს ასეთ მდგომარეობაში. გაუსაძლის პირობებში დავაწვინეთ პაციენტები. რეზონანსი მოჰყვა ტელევიზიით გასულ კადრებსაც, რომლებიც ვიღაცამ გადაიღო…

ჩვენც ხომ განვიცდიდით ამას? იმის მაგივრად, რომ პაციენტისთვის ყურადღება მიგექცია, ვიღაც კიდევ რომ გლანძღავს არაფრის გამო, იმისთვის, რაშიც შენ აბსოლუტურად არ ხართ დამნაშავე… პაციენტს მივხედო, ჩემი საქმე ვაკეთო თუ ვიღაც რომ მლანძღავს, იმაზე ვიტირო?

რას ვისურვებდი სამომავლოდ?

ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყვეს შენობა. შიგნიდან ინფრასტრუქტურა მოსაწყობია. ალბათ, ესეც მალე დამთავრდება და ინფექციური საავადმყოფო ერთ-ერთი ძალიან მაგარი საავადმყოფო იქნება საქართველოში.

ასევე გაგვიხარდა, როცა წარმატებული ექიმები დაჯილდოვდნენ…

ვისურვებდი  უფრო მეტ დაფასებას და იმას, რომ ფინანსური კუთხითაც უფრო ძლიერები ვიყოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი