ახალი ამბები

დღეს თუ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ივანიშვილი და მისი ოჯახი – წულუკიანი

24 დეკემბერი, 2020 • 2160
დღეს თუ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ივანიშვილი და მისი ოჯახი – წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს, 24 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა. წულუკიანმა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და მისი ოჯახის მიმართ მადლიერების არგამოხატვა, მისი შეხედულებით, ისეთი “მავნებლური ტრენდების” ჩამოთვლისას ახსენა, როგორიცაა ადამიანების მიერ თავისუფლების, სამშობლოს, გმირობის და ანტისახელმწიფოებრივი იდეების აღქმა.

“ტრენდების ნაწილია ისიც, რომ გაგვიქრო მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. არადა, დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის. სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი. არადა, იმ სფეროში, რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები ვართ კომიტეტში, სწორედ ის [ივანიშვილი] არის და მისი ოჯახი, თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველი მეცენატი და ის მილიარდობით თანხები, რაც ამ სფეროში ამ ოჯახმა ჩადო, ასევე საერთაშორისო დონორებმა ჩადეს, ქართველმა ხალხმა ჯიბიდან ამოიღო და ჩადეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ჩვენი ვალია, რომ კომიტეტმა და სამინისტრომ ერთად ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანად და ეფექტურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ ეროვნულ მიზანს, რასაც ჰქვია კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე იმ დიდ, ველურ კონკურენციაში, რასაც მსოფლიო ბაზარი ჰქვია”, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ ტრენდებს, წულუკიანმა თავისუფლების შესახებ განაცხადა, რომ თავისუფლება არ ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას და “თავისუფლება, ალბათ, უფრო თითქმის ყველაფრის უფლებაა”. მისი თქმით, სიტყვას “თითქმის” შინაარსობრივად დიდი დატვირთვა აქვს და ეს საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ისწავლებოდეს.

ასევე, წულუკიანის თქმით, არსებობს “მავნებლური” ტრენდი, რომ “სამშობლო მხოლოდ ჩამორჩენილი და არამისაბაძი ადამიანების ლექსიკაშია შემორჩენილი”. იმისთვის კი, რომ უფრო “დაწინაურებული” გამოჩნდეს ადამიანი, ტრენდია, რომ საკუთარ სამშობლოს დასცინოს და აგინოს. წულუკიანის განცხადებით, კულტურისა და განათლების სისტემებმა ამ საკითხზე უნდა იმუშაოს.

წულუკიანმა ასევე გაიხსენა 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ გამართულ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის ცეკვაც:

“მაგალითად, ტრენდი იმის შესახებაც, რომ თუ ხარ გაბედული, მაგალითად, 9 აპრილის მემორიალზე დადგეები და საკმაოდ კარგად იცეკვებ, ეს გაბედულება ავტომატურად უშიშრობაა და არის გმირობა. არის ყველა გაბედულება განა გმირობა? ამას, ალბათ, ბაღის ასაკიდან უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს – რა არის გმირობა, სწორედ იმ გმირების მაგალითზე, ვინც ეს ოკუპირებული დღემდე მაინც ქვეყნად და სახელმწიფოდ შეინარჩუნა საუკუნეების მანძილზე და თუნდაც აგვისტოს ომის დროს გმირობა ჩაიდინა. სულ ახლანდელი გმირობაა ეს და ალბათ უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება ზოგიერთს ძველი წარსული”, – განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციაც, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. წულუკიანის განცხადებით, მას აშფოთებს, რომ მის მშობლიურ უბანში, ე.წ. პლეხანოვზე “ახალგაზრდა ადამიანებმა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასიურად მისცა ხმა”.

“მე მაშფოთებს და ვიცი, რომ არ ვარ ამაში მარტო”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი