ახალი ამბები

საზღვრის დელიმიტაცია პოტენციურად დიდი რისკის შემცველი საკითხია – გახარია

24 დეკემბერი, 2020 • 807
საზღვრის დელიმიტაცია პოტენციურად დიდი რისკის შემცველი საკითხია – გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას თქმით, 2021-22 წლები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიმართულებით ყველაზე აქტიური იქნება.

საზღვრის დადგენის პროცესში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი, გახარიას თქმით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის ბალანსის დაცვა იქნება.

“ყველა ნორმალური ქვეყნისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ ოთხი წლის განმავლობაშიც. ძირითადი ამოსავალი აქ იქნება ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია უაღრესად აქტუალური გახდება შემდეგი წლების განმავლობაში”, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ 2021-22 წლები იქნება ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით.

“ჩვენ გვინდა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რეგიონში რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  ახალი და ახალი მოთამაშეები ჩნდებიან რეგიონში. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია არის ერთ ერთი საკითხი, პოტენციურად დიდი რისკის შემცველი. ამიტომ ყველა ნორმალური მოთამაშე რეგიონში, მშვიდობისმოყვარე დაინტერესბულია, რომ ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდეს”, – დასძინა გიორგი გახარიამ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი მხოლოდ ერთ მეზობელთან – თურქეთთან აქვს დადგენილი.

საზღვრის დადგენაზე დელიმიტაცია-დემარკაციის უწყებათაშორისი კომისია მუშაობს 1996 წლიდან. კომისიის შემადგენლობა 2019 წლის მაისში, მას შემდეგ განახლდა, რაც დავითგარეჯას შეუთანხმებელ მონაკვეთზე ვითარება გამწვავდა – 2019 წლის აპრილიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე დავით დუნდუა ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ შეკრებილა.

ახალ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

ამ თემაზე:

განიხილავს თუ არა საქართველო საზღვრის საერთაშორისო არბიტრაჟით დადგენის ვარიანტს?

მასალების გადაბეჭდვის წესი