ახალი ამბები

“ოთხი თვეა, შუქი ითიშება” – რატომ რჩებიან უშუქოდ ვაშლიჯვარში

24 დეკემბერი, 2020 • 1348
“ოთხი თვეა, შუქი ითიშება” – რატომ რჩებიან უშუქოდ ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, პრობლემა რამდენიმე თვეა არსებობს და მისი მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს. როგორც “ნეტგაზეთს” სემეკში უთხრეს, აღნიშნულის მიზეზი ესტაკადის მშენებლობაა, რომლის დროსაც კაბელი პერიოდულად ზიანდება.

რა ხდება?

ვაშლიჯვარში მცხოვრებმა რუსუდან ფანოზიშვილმა ელექტროენერგიის პრობლემაზე პოსტი ფეისბუკზე 23 დეკემბერს დაწერა. როგორც შემდგომ “ნეტგაზეთს” უთხრა, დაახლოებით 4 თვეა, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება მასაც და სხვა ადგილობრივებსაც.

“ახლა, კოვიდინფიცირებული პაციენტი რომ წევს ამ სიბნელეში, შესაბამისად, სიცივეში, რომელიც ჩვენთან საათობით ან დღეები გრძელდება, და უცებ რაღაც გაურთულდეს და, ვთქვათ, მე-15 სართულზე ცხოვრობს და ლიფტის არარსებობის გამო დროულად ვერ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხომ ატყდება ამბავი?” – აღნიშნავს ის ფეისბუქ პოსტში.

რუსუდან ფანოზიშვილი დასძენს, რომ შესაბამისი კითხვებით არაერთხელ მიმართა თელასსაც და სემეკსაც, სადაც ოფიციალური განაცხადის შედგენაში დაეხმარნენ. როგორც ამბობს, ადგილობრივებს ეუბნებოდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა დაპირების შედეგი არ უნახავთ.

ესტაკადის მშენებლობა – რას ამბობენ სემეკში

“ნეტგაზეთი” სემეკის  ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ნუგზარ ბერიძეს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, პრობლემა ძირითადად უკავშირდება ახალი ესტაკადის მშენებლობას, რა დროსაც მკვებავი კაბელი ზიანდება.

თავის მხრივ, ამ დროს პრობლემა ექმნება ორ ქვესადგურს, რომლითაც ელექტრორენერგია დასახლების დიდ ნაწილს მიეწოდება.

“კაბელის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა იყო. წინა დაზიანება ეხებოდა როგორც ძირითადი, ასევე სარეზერვო კაბელის დაზიანებას. ბოლო შემთხვევა ეხებოდა მკვებავი კაბელის დაზიანებას, რომელიც, თელასის მოკვლევით, დაკავშირებული იყო ახალი გზის მშენებლობასთან.

კაბელი, რომელიც ჩადებული იყო ტროტუარის ქვეშ, გზის გაფართოების შედეგად მოექცა სავალ ნაწილზე, რომელზეც გადაადგილდება მძიმე ტექნიკა. შესაბამისად, კაბელზე ფიზიკური ზემოქმედება გაიზარდა და აქედან გამომდინარე დაზიანდა”, – აღნიშნავს ის.

ბერიძის თქმით, თელასმა უკვე შეადგინა ახალი პროექტი კაბელის შესაცვლელად და მის გადასატანად. ახლა სამუშაოებს ქალაქის მერიასთან ათანხმებენ.

“აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ავიყვანეთ კონტროლზე, რომ დაზიანების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება მოხდეს. თელასის გუშინდელი[23 დეკემბრის] რეაგირება დაგვიანებული იყო მხოლოდ და მხოლოდ გზის გადატვირთვისა და საცობებით. ამის გამო 1.5 საათი დააგვიანა ობიექტზე მისვლა”.

სემეკში აღნიშნავენ, რომ თელასს ქალაქის მთავრობასთან მაქსიმალურად უშუამდგომლებენ, რათა კაბელის გადატანისა და შეცვლის სამუშაოები დროულად დასრულდეს. ნუგზარ ბერიძე ვარაუდობს, რომ პრობლემა იანვრის მეორე ნახევარში უნდა მოგვარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი