ახალი ამბები

არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს — დეგნანი

23 დეკემბერი, 2020 •
არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

დეგნანი იმედოვენებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას შეეხება და პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას გულისხმობს, გადაიხედება.

“მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.

რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში, არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია, ისევე, როგორც პასუხისმგებლიანი და ეფექტური მმართველი პარტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი საქართველოსთვის იქნება უკიდურესად დამაზიანებელი. ამომრჩეველმა 9 პარტია აირჩია და ეს ნათელი განაცხადია მათი მოლოდინის”, — განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში მოხდა იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

აღნიშნული ცვლილების მიღებით, “ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.

როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი