რობოტი პეპერი 24 დეკემბრიდან “სითი მოლში” მისულ მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას “სითი მოლი” ავრცელებს.
“24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას სითი მოლის შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე). შევხვდებით სითი მოლში”, — ვკითხულობთ “სითი მოლის” განცხადებაში.
რობოტი პეპერი საქართველოში პირველად ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა. რობოტის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ ის “ექიმის ასისტენტი” იყო
“პეპერი მართლაც გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას სრულფასოვნად ვერ ფლობს და ასევე, ჩვენც ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, და უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენც და პეპერიც უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით“, – ამბობდა ტიკარაძე.
თუმცა რობოტ პეპერის წარდგენიდან 5 თვის შემდგე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რობოტი პეპერი, რომელიც საფრანგეთიდან 5 თვის წინ ჩამოიტანეს, უფრო სიმბოლო იყო, ვიდრე რეალური ასისტენტი.
