ახალი ამბები

საია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონპროექტი

23 დეკემბერი, 2020 • 779
საია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონპროექტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტს წარუდგინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა.

ცვლილების მიხედვით, პარტია ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით: 1) თუ მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს; 2) თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

საიას განცხადებით, პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას.

“ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია”, — აღნიშნავს საია.

როგორც საია აცხადებს, ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი.

საია მოუწოდებს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი.

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგორც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოვიდა, პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდეს და კანონპროექტი დასკვნისთვის გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR).

მასალების გადაბეჭდვის წესი