ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

დისტანციურმა სერვისებმა უშუალობა და ნდობა დაარღვია – სოციალური მუშაკის კოვიდის დროს

25 დეკემბერი, 2020 • 2441
დისტანციურმა სერვისებმა უშუალობა და ნდობა დაარღვია – სოციალური მუშაკის კოვიდის დროს

„ჩემთვის ყველაზე რთული ის არის, რომ ეს სირთულეები გააზრებული მაქვს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ზღვარს სცდება… რაც არ უნდა გავაკეთო, 24/7-ზეც კი რომ ვიმუშაოთ, მხოლოდ ჩვენი რესურსი ვერ იქნება საკმარისი“, – ამბობს მარიამ ბანძავა.

ის სოციალური მუშაკია, რომელიც “თანასწორობის მოძრაობაში” მუშაობს და მისი მთავარი ამოცანა ლგბტქი+ ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. 

კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, სხვების მსგავსად, მარიამ ბანძავაც სახლიდან მუშაობს, თუმცა თავის ისტორიას “ნეტგაზეთის” სერიისთვის “ადამიანები პანდემიის დროს”  ორგანიზაციის ოფისიდან გვიზიარებს. 

ბენეფიციარები კორონავირუსამდე ძირითადად „თანასწორობის მოძრაობის” ოფისში მოდიოდნენ

მე ვარ მარიამი, პროფესიით სოციალური მუშაკი. ჩემი მთავარი საქმიანობა ჩვენი ბენეფიციარების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ეს გულისხმობს ბენეფიციარებთან შეხვედრას, შეფასებას, გადამისამართებას საჭიროებისამებრ, ასევე, იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, რაც არა მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება, არამედ მთელ თემს აერთიანებს.

კორონავირუსამდე ჩემი ერთი დღე იწყებოდა ყავის ჭიქით, შემდეგ სამსახურში წამოსვლით და აქ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით. მაგალითად, ბენეფიციარებთან გასაუბრება, ჩვენს სხვა სპეციალისტებთან მსჯელობა კონკრეტულ შემთხვევებზე, დაგეგმვა და ა.შ.

სამუშაო მაგიდა თანასწორობის მოძრაობის ოფისში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

უმეტესწილად, ჩვენი ბენეფიციარები ჩვენთან, „თანასწორობის მოძრაობის” ოფისში მოდიოდნენ, თუმცა ზოგ შემთხვევაში ოფისს გარეთაც ვხვდებოდით.

მოდიოდნენ აქ, ვაფასებდოთ მათ საჭიროებებს. ბენეფიციარს ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდა მასზე ძალადობის გამოცდილება, რის გამოც ესაჭიროებოდა ფსიქოლოგის სერვისი, იურისტის დახმარება და სხვა. შეიძლება ყოფილიყო შემთხვევები, როცა ადამიანს ჰქონდა ეკონომიკური სირთულეები სამსახურთან და შემოსავალთან დაკავშირებით.

გვქონია შემთხვევა, როდესაც საჭირო იყო ბენეფიციარებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდება და რატომღაც ეს ამ სერვისს ვერ იღებდა. ამაზეც გვიწევდა მუშაობა. საკმაოდ დატვირთული დღეები იყო.

პირველი ტალღა – დისტანციური სერვისების მიმართ თავდაპირველად არ იყო დიდი ნდობა

პანდემიამ თავისთავად მთლიანად შეცვალა და გადააწყო მსოფლიო და  საქართველო. ნელ-ნელა მოგვიწია ადაპტაცია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს სხვა საკითხია. პირველ ტალღისას, სხვათა შორის, ჩვენი სამსახური საკმაოდ მარტივად გადავიდა დისტნაციურ სერვისზებზე. მალევე გადავეწყვეთ. ჩვენ გვყავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და სოციალური მუშაკებისგან. მცირეხნიანი წყვეტის შემდეგ ბენეფიციარებს უკვე ვთავაზობდით ნებისმიერ სერვისს და ვიყავით ხელმისაწვდომი.

პირველი ტალღის დროს, პირველი მაინც იყო შოკი როგორც ჩვენთვის, ასევე, ბენფიციარებისთვისაც. ადამიანები უცებ მოწყდნენ ყველანაირი სოციალიზაციის შესაძლებლობას, ძალიან ბევრს მოუწია არასასურველ, საფრთხის შემცველ გარემოში დაბრუნება, მაგრამ პირველი ნაწილი მაინც იყო შოკი. ამას დაემატება ისიც, რომ დისტანციური სერვისების მიმართ თავდაპირველად არ იყო დიდი ნდობა.

ჩვენი პროფესია, რაც გულისხმობს ბენეფიციარის შეფასებას და მასთან ერთად ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ნაბიჯების გადადგმას, თავისთავად, დამყარებულია ნდობაზე. ეს ნდობა მოდის პირველი ვიზიტიდან, გასაუბრებიდან, ინტერვიუს პროცესიდან, როდესაც პირისპირ სხედხართ და საუბრობთ. ამ დისტანციურმა სერვისებმა ეს პირისპირობა, უშუალობა დაარღვია.

მართალია, ჩვენ სხვადსხვა პლატფორმას ვიყენებთ, თუმცა შემოვიდა უსაფრთხოების ფაქტორიც — ხშირად ბენეფიციარებს არ აქვთ წვდომა დაცულ სოციალურ ქსელთან. უმეტესობა იყენებს „მესენჯერს“, „ვაიბერს“,  „ვოთსაპს“  და ა.შ. …. უსაფრთხოების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბენეფიციართა პრობლემის შეფასების ნაწილში. ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იყო პირად საკითხებზე სიღრმისეული კითხვების დასმა, ვინაიდან არ ვიცოდით, ეს ინფორმაცია იქნებოდა თუ არა ბოლომდე დაცული.

გარდა ამისა, სირთულე იყო ისიც, რომ ბენეფიციარებს ზოგჯერ არ ჰქონდათ ცალკე სივრცე ან ცალკე ოთახი. რაღაც თემებზე სასაუბროდ გარეთ უწევდათ გასვლა და ეს პროცესიც უსამოვნო იყო.

მეორე ტალღა – არცერთ დასაქმებულს აღარ გვაქვს პირადი სივრცე

ერთი პერიოდი, როდესაც პირველი ტალღა შენელდა, რა თქმა უნდა, ვცადეთ, რომ სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის ე.წ. ჰიბრიდული მეთოდი გამოგვეყენებინა. ეს გულისხმობდა, ბენეფიციართა ნაწილისთვის სერვისი ფიზიკურად მიგვეწოდებინა. თუმცა მეორე ტალღაც მალევე დაიწყო და ახლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე ვმუშაობთ.

ჩვენთვის შეიცვალა ის, რომ უკვე არცერთ დასაქმებულს არ გვაქვს პირადი სივრცე. აქ განსაკუთრებით საუბარია დამხმარე პროფესიებზე, ისეთზე, როგორიცაა სოციალური მუშაობა.

პირადი სივრცე აღარ გვაქვს, ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოგვმართონ… რა თქმა უნდა, ჩვენც ვააანალიზებთ, რომ იმ ბენეფიციარისთვის ჩვენ შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი ვართ  და თუნდაც ელემენტარულის გაზიარებით, მისი ემოციური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მუდამ ვიყოთ ხელმისაწვდომი – სოციალურ ქსელში, ტელეფონზე თუ ა.შ.

მარიამ ბანძავა საკუთარ მაგიდასთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თუმცა გამოწვევები მაინც რჩება – ძალიან რთულია, არ “გადაიწვა”. მით უმეტეს, ახლა, მეორე ტალღის დროს. პრობლემები, რა თქმა უნდა, პირველი ტალღის დროსაც იყო, თუმცა ახლა თითქმის ყველა ბენეფიციარს, შემიძლია ვთქვა – 99%-საც კი, პირველადი საჭიროების ნივთების პრობლემაც აქვს.

ძალიან რთულია, როდესაც ბენეფიციარს იმის შიში აქვს, რომ ხვალ და ზეგ დარჩება ბინის, უსაფრთხო თავშესაფრის გარეშე, ვერ შეიძენს საკვებს. ძალიან რთულია იზრუნო მის გაძლიერებაზე ფსიქო-ემოციურად, მის სხვა კეთილდღეობებზე, მაშინ, როდესაც ელემენტარული ბაზისური საჭიროებებიც არაა დაკმაყოფილებული.

ჩვენ ვცდილობთ და გვაქვს კიდეც პროგრამა, რომელიც გულისხმობს ერთჯერადად ბენეფიციარების საკვებითა და ბინის ქირით დახმარებას, თუმცა ესეც არ არის საკმარისი და მარტო ჩვენი ჩართულობა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის.

სახელმწიფო საერთოდ ვერ ამჩნევს ამ ადამიანებს, ხედავს, რა ხდება, მაგრამ არცერთი ანტიკრიზისული პროგრამის არცერთი პუნქტი არ იყო მორგებული ჩვენი თემის წევრებისთვის. იქნება ეს თუნდაც უმუშევრობის სუბსიდია თუ სხვა. ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობა იყო დასაქმებული მომსახურების სფეროში, არ ჰქონდათ ხელშეკრულება, ხელფასს იღებდნენ ხელზე და ეს ადამიანები ხშირად რჩებიან ყველანაირი დახმარების მიღმა.

ძალიან დიდი დრო გავიდა პირველი ინფიცირების შემთხვევიდან, კარგად იციან ამ სირთულეების შესახებ, მაგრამ მაინც ამ პოზიციას ინარჩუნებენ და არანაირი სერვისი ჩვენი თემისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელმისაწვდომი არაა.

რუტინა ახლა

დისტანციურ მუშაობაზე ჩვეულბრივად გადავედით. სამსახურმაც ხელი შემიწყო – სამსახურის ლეპტოპები და სხვა აპარატურა, რომელიც გვჭირდება, ჩვეულებრივად უზრუნველყო.

პრობლემა ისევ ის რჩება – პირადი სივრცე და სამსახურის სივრცე არ არსებობს დისტანციური მუშაობის დროს. ასევე რთულია კავშირზე გასვლა იმ ბენეფიციარებთან, , რომლებსაც შესაძლოა, „სმარტფონები“ და სხვა ხელსაწყოები არ ჰქონდეთ.

ვიტყოდი იმასაც, რომ პროფესიული კუთხით ახლა, ბენეფიციარების მსგავსად, ჩვენთვისაც რთულია კიბერუსაფრთხოების შენარჩუნება. რთულია ძალიან, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით. სამომავლოდ, ვნახოთ, როგორ იქნება.

ოფისში გვიწევს მორიგეობით სიარული და, შესაბამისად, ასეთ დროს, გვაწვდიან ყველა საჭირო ნივთს – პირბადეებს, სადიზენფექციო საშუალებებს თუ სხვას.

სოციალურ მუშაკებს ზოგჯერ გვიწევს ველზეც მუშაობა და ამ კუთხით ვართ რისკის ქვეშ – პროფესიული ვალდებულებაა, რომ როდესაც ბენეფიციარს სჭირდება, გახვიდე ან მოვიდეს და მოუსმინო. ამ კუთხით რისკის ქვეშ ვართ, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბენეფიციარმა ღამითაც დარეკოს, შენ მაინც უნდა აიღო, იმიტომ, რომ არასდროს იცი, რა საჭიროებების, რა გადაუდებელი აუცილებლობის გამო გირეკავს. როგორც ვთქვი, არა  მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ სამყაროში აირია სამსახურეობრივი და პირადი სივრცის განცდა. მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის. თუმცა პროფესიულად ძალიან რთულია და პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ სოციალური მუშაკები ნამდვილად ვართ.

პანდემიის ემოციური საფასური

ემოციურად ძალიან რთულია ის შფოთვები, რაც ამ ყველაფერს, პანდემიას მოსდევს. ვინაიდან შენ იცი, რომ იმ მომენტში სიტუაციას „ცეცხლი უკიდია“, ჩააქრობ მას, მაგრამ მერე იცი, რომ სხვა ნაკვერჩხალი ინთება. ეს ერთჯერადი ჩარევები საკმარისი არ არის და გრძელვადიანი გეგმის გარეშე ძალიან რთულია შედეგზე გასვლა.

იმ მომენტში ბევრი რამის მიწოდება ხდება, მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მუდმივად შფოთვა იმაზე, რომ აი, ახლა, იგივე საახალწლო პერიოდში, რა მოხდება, როგორ შეიცვლება ჩემი ბენეფიციარების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, სადმე რაიმე ხომ არ გართულდება და სხვა.

როგორც ყველა ადამიანზე, ისე თემის წევრებზეც სოციალიზაციის ნაკლებობა ცუდად აისახება. ის კავშირები, შეხვედრა, როგორც ამბობენ – community-ს  [თემი; ერთობა] შეგრძნება გაქრა, აღარ არის. ერთი მხრივ, სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, უპასუხისმგებლოდ არავინ იქცევა, ვერ ჩააყენებს საფრთხეში სხვა ადამიანს. მაგრამ სოციალიზაციის არარსებობის სირთულეები… ის შეგრძნებები, რომ სასურველი ხარ, მნიშვნელოვანი ხარ, დასაქმებული ხარ და შენ წილ საქმეს აკეთებ – ამ შემთხვევაში ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა დასული. ძალიან რთულია…

მარიამ ბანძავას სამუშაო დაფა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჩემთვის ყველაზე რთული ის არის, რომ ეს სირთულეები გააზრებული მაქვს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ზღვარს სცდება… რაც არ უნდა გავაკეთო, 24/7-ზეც კი რომ ვიმუშაოთ, მხოლოდ ჩვენი რესურსი ვერ იქნება საკმარისი. კი, შეიძლება თბილისში ან სხვა დიდ რეგიონში ათობით ადამიანს დაეხმარო, მაგრამ რომ იცი, სოფელში არის ადამიანი, რომელიც შენამდე ვერც კი მოდის, ძალიან რთულია ამ დროს კმაყოფილი იყო შენი თავითა და პროფესიით.

ეს შფოთვა მუდმივად ჩემთან არის, იმიტომ, რომ არ ვიცი, ხვალ რა მდგომარეობაში იქნებიან ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი გზა გავიარეთ.

ბენეფიციარები – ზოგს მოუწია არაკეთილსაიმედო და ნაკლებად დაცულ ადგილებში დაბრუნება

ძალიან კომპლექსური გამოწვევების წინაშე დადგნენ ჩვენი ბენეფიციარები. ბევრი სამუშაო ადგილი, უბრალოდ, გაქრა და ადამიანები, რომლებიც რუტინულ ცხოვრებაში იყვნენ ჩართულნი, ჰქონდა შემოსავლის წყარო, სამსახური და კოლეგების წრე, სადაც კომფორტულად და სოციალიზირებულად გრძნობდა თავს, დარჩნენ ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ადამიანები, რომლებიც თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ საჭიროებებს და ეხმარებოდნენ კიდეც ოჯახებს, გაიღვიძეს რეალობაში, როდესაც დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო.

ერთია, როდესაც სამსახურს კარგავ და მეორეა, რომ იცი, გავა ერთი, ორი, სამი თვე და უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა. დღეს კი ეს განცდა არ არსებობს. არ იციან, ორი და სამი თვის შემდეგაც  ექნებათ თუ არა სამსახური.

ამას მოსდევს ზუსტად ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და ჩვენი ბენეფიციარი დადგა ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ. ზოგს მოუწია არაკეთილსაიმედო და ნაკლებად დაცულ ადგილებში დაბრუნება.

გარდა ამისა, სოციალიზაციის სირთულეები ძალიან უარყოფითად აისახა თითოეული მათგანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების მიზეზი გასაგებია, თუმცა,სახლში, ერთსა და იმავე გარემოში ყოფნა, ცალსახად უარყოფითად აისახა მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ეს გამოცდილებები განსხვავდება კიდეც.  მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სექს-სამუშაოში, მათი ეკონომიკური მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, ისინი სრულიად დაუცველები დარჩნენ.

ამ ყველაფრის გამო ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ფსიქიკური ჯანრმთელობა. სახელმწიფოს მიერ ეს ნაწილი საერთოდ არ არის დაფარული. ჩვენ გვაქვს სერვისები, მაგრამ ეს სერვისები ვერ ფარავს მთელ საქართველოს. ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, როდესაც არ არსებობს, ჩვენი თემის ბევრი წევრისთვის ძალიან რთულია მარტო ჩვენ მოვიცვათ და დავფაროთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ თუნდაც რამდენიმე დიდი ქალაქის გარდა, არ გვაქვს წვდომა სხვა მოსახლეობასთან.

პრობლემურია ასევე განათლებაც, ბევრი სტუდენტი, რომელიც თან მუშაობდა, თან სწავლობდა, იმის გამო, რომ დაკარგეს სამსახური და თანადგომის წრე, მოუწიათ სტატუსის შეჩერება ან დავალიანების დაგროვება და სხვა.

ამ კუთხითაც არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა. და კი, რამდენიმე უნივერსიტეტმა თავისი ნებით გადაუვადა სტუდენტებს გადასახადის გადახდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ სტატუსის შეჩერება.

ძალიან რთულია ხოლმე თითის დადება და რომელიმე ერთ პრობლემაზე დადება, ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია…

ისტორიები – ერთი ბენეფიციარი ისე წამოვიდა სახლიდან, რომ არც კი იცოდა, სად მიდიოდა

მაგალითად, გვყავდა ბენეფიციარი, რომელიც გამოუშვეს სამსახურიდან, იყო სტუდენტი, ასევე მოუწია თავისი სტატუსის შეჩერება. ახლა არის სამსახურისა და განათლების შესაძლებლობის გარეშე. ჩვენ ჩვენი სერვისებით მას კი ვეხმარებით, მაგრამ მისთვის ყოველდღიურად იმაზე ფიქრი და განცდა, რომ შემდეგში რა იქნება, არ იცი.

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში თემის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც სიტუაცია კიდევ უფრო უარესია.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოგვმართავდნენ და, ვთქვათ, იმის გამო, რომ არ აქვთ ბინადრობის უფლება, უწევთ თავშესაფარში ცხოვრება, რომელიც თბილისთან არის და არცთუ ისე ადაპტირებულია ჩვენი თემის წევრებისთვის. იქ ყოფნა მათთვის ძალიან რთულია.

„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჩვენი გამოცდილებით ქალები განსაკუთრებით აღმოჩნდნენ ოჯახისგან ფსიქო-ემოციური ზეწოლის ქვეშ, რადგან ის სივრცე, სადაც გადიოდნენ დღის განმავლობაში და საკუთარი თავის წარმოჩენა და ემოციების გაცვლა შეეძლოთ, დაკარგეს. აღმოჩნდნენ სახლში პირისპირ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მათ არ იღებენ, ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან და ა.შ.

გვქონია შემთხვევა, როდესაც პანდემიის დროს, სახლიდან იძულებული წამოვიდა ბენეფიციარი ისე, რომ არც კი იცოდა, სად მიდიოდა. არ ჰქონდა იმ კონკრეტულ მომენტში წასასვლელი, მაგრამ იმდენად ცუდი მდგომარეობა შექმნეს მისთვის სახლში, რომ იძულებული იყო პანდემიის დროს, ყოველგვარი შემოსავლისა და დანაზოგის  გარეშე, სახლიდან წამოსულიყო.

ყველა შემთხვევა განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი პრობლემები თითქმის ერთი და იგივეა – უბედურ წრეში ვტრიალებთ, რაც იწყება იმით, რომ უწევთ ოჯახებიდან წამოსვლა, რის გამოც შემდგომ შეუძლებელი ხდება ჯეროვანი განათლების მიღება, ერთვებიან ისეთ შრომაში, სადაც ანაზღაურება მხოლოდ გადარჩენისთვისაა საკმარისი. ასეთ წრეზე მივდივართ.

ამ პრობლემებს სახელწიფოსგან დანახვა სჭირდება

ეს პრობლემები ერთჯერადი ჩარევებით ვერ გადაიჭრება. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა, სახელმწიფოსგან დანახვა, ხელშეწყობა და ა.შ. სახელმწიფომ უნდა დაინახოს თემი და ერთჯერადი ჩარევებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი, აღარც ჩვენ ვცხოვრობთ პირველყოფილ საზოგადოებაში..

„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ პრობლემების ჯაჭვია მიზეზი, რატომაც ბოლომდე ვერ ადაპტირდებიან ადამიანები  სოციუმში და  მიმართავენ კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებს. ამ პოზიციაში, რა პოზიციაშიც აგრძელებს სახელმწიფო ყოფნას, თუნდაც ძალადობრივი ჯგუფების გამოსვლების არშემჩნევა, რაც სტერეოტიპების გარღმავებას უწყობს ხელს, გრძელვადიანი პროგრამების არშექმნა – ასეთ წრეზე ბრუნვას განაპირობებს.

ეს ჩანს ანტიკრიზისულ გეგმაშიც: როდესაც იცი, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის თემის წევრი, ზუსტადაც რომ მომსახურების სფეროშია ჩართული, მაგრამ მაინც ისეთ გეგმას ქმნი, სადაც ხშირად ეს ადამიანები იმ 200-ლარიან დახმარებასაც კი ვერ იღებენ — აი, ეს არის პასუხი, თუ რატომ ვტრიალებთ წრეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი