აფხაზური მხარე, კერძოდ დე ფაქტო საგარეო უწყება, განცხადებით ეხმაურება საქართველოს შერიგების მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან თანამშრომლობასა და არსებული დიალოგის პლატფორმის გაფართოებასთან დაკავშირებით.
“თბილისი აფხაზეთს აღიქვამს, როგორც “თემს”, “დე ფაქტო რეჟიმს”, “ოკუპირებულ ტერიტორიას” და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართველი მინისტრის წარმოდგენაში აფხაზეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ არაფორმალური შეიძლება იყოს.
თუმცა ასეთი მიდგომით, როგორც არ უნდა აფართოებდეს “დიალოგის პლატფორმას” თბილისი, კონსტრუქციულს ვერაფერს მიაღწევს. აფხაზეთი არ აპირებს მსგავსი დიალოგის წარმოებას საქართველოსთან და თავად ასეთი დიალოგის იდეას აბსოლუტურად არარეალისტურად მიიჩნევს.
აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ თბილისი რადიკალურად გადახედავს საკუთარ კურსს აფხაზეთის მიმართ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეათანხმებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პირობები”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისი მზაადაა გააფართოოს არსებული დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან.
“მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, რომ გავაფართოოთ არსებული დიალოგი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების თემებზე, იმ საერთო ინტერესების თემებზე, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას საგნობრივი დიალოგისთვის აფხაზური საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან, ვის ინტერესშიც შედის ამ რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობა და სამომავლო განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ საერთო და ურთულესი გამოწვევების გამკლავება, რომლის წინაშეც დღეს ვართ, ბევრად მარტივად და უდანაკარგოდ მოხდება ჩვენი მჭიდრო, შეთანხმებული და ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში“, – განაცხადა ახვლედიანმა.







