ახალი ამბები

ხაზინამ ხელფასი არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს — წულუკიანი დაფინანსებაზე

23 დეკემბერი, 2020 • 1075
ხაზინამ ხელფასი არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს — წულუკიანი დაფინანსებაზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი, რომელიც პარტიებისთვის  დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, აქამდეც მისაღები იყო და “მადლიერია”, რომ ამის მიღება ახლა ხდება.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, “ზარმაცობენ” და ბიუჯეტიდან ხელფასები არ უნდა ერიცხებოდეთ.

“ეს[პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი] მაინცდამაინც ვიღაც რომ ქუჩაში ყვირის, იმას არ ეხება, ეს ჩვენც გვეხება. თუ იქნება უპასუხისმგებლო დეპუტატი, რომელიც დეპუტატი გახდება, ის კი ქუჩაში დარჩება — არ მინდა დეპუტატობაო და უღალატებს საკუთარ ამომრჩეველს. თუ გადავწყვეტთ, რომ ვიზარმაცოთ, არ უნდა ვიმსახურებდეთ ხელფასს. ამაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ხაზინამ ხელფასი არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს. იმიტომ, ეს ხალხის ფულია” ,— განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.


ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. საპასუხოდ, “ოცნებამ” წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს, მათ შორის, უფასო საეთერო დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი