ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის – რ2

23 დეკემბერი, 2020 •
“პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის – რ2

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დაუდასტურა.

“მე ვარ და ვრჩები “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია, ბრძოლის ეს ფორმა… როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ [განცხადებას მანდატის დატოვების თაობაზე]. მათ აქვთ ასეთი შეხედულება, მე მაქვს ასეთი შეხედულება… ჩვენთან პარტიაში არ არის ეგრე, თავისუფალი ხალხი ვართ ჩვენ და ვისაც რა შეხედულება აქვს, ვერავინ ვერ შემზღუდავს. არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით, ყველას თავისი აზრი აქვს”, – განაცხადა ენუქიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში.

ენუქიძესთან ნეტგაზეთმაც სცადა გასაუბრება, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.

ორი დღის წინ, 21 დეკემბერს “პატრიოტთა ალიანსმა” პარალემნტს მანდატების გაუქმების შესახებ მიმართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ მაშინ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პარტიული სიის 132-ვე წევრმა დაწერა განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტში არ შევიდოდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და მეათე მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა, ავთანდილ ენუქიძე კი პარტიის სიის მეოთხე ნომერია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, ის “პატრიოტთა ალიანსის” სიის უპარტიო წევრია.

რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, სიაში პირველ სამ ადგილს ინაწილებენ ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ენუქიძემ პარტიას, რომლის სიითაც შედის პარლამენტში, 2016 და 2020 წლებში 60-60 ათასი ლარი შესწირა.

ასევე, “საერთაშიროსო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბიზნესში ფლობდა წილებს, მათ შორის, “თბილისი პარკინგსა” და “იანდექს ჯორჯიაში”.

ამასთან, ავთანდილ ენუქიძე 2000 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდა ეკოლოგიური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი