ახალი ამბები

პარტიებს დაფინანსება 6 თვის განმავლობაში არ შეუწყდებათ — ოხანაშვილი

23 დეკემბერი, 2020 • 751
პარტიებს დაფინანსება 6 თვის განმავლობაში არ შეუწყდებათ — ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარტიებს, რომელთაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაფინანსება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას და “საბოტაჟს უცხადებს” დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

“აქ შესაძლოა, დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ ჩვენ ამ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. ამასთან დაკავშორებითაც ყოველგვარ სპეკულაციას რომ წერტილი დაესვას, დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკო-ში განაცხადი შეიტანა და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რაც ნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინასებას, ჩვენ ამ დაფინასებას არავის ვუწყვეტთ.

თუმცა, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, საბოტაჟს უცხადებს დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში რამდენად მიზნობრივია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან იღებდეს დაფინანსებას?

ჩვენი კანონპროექტით ვამბობთ, რომ ეს არ იქნება მიზნობრივი, ვინაიდან მიზნობრიობა დაკავშირებულია დემოკრატიის პრინციპთან, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და კონკრეტულ პარტიას მისცა ერთი ხმა, ერთი ნამდვილი ხმა უდრის 15 ლარს, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ასევე გადასცა დაფინანსება, ერთი ნამდვილი ხმა 15 ლარის ოდენობით კონკრეტულ პარტიას”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, საჭიროა წითელი ხაზის გავლება, სად იწყება პოლიტიკური ბოიკოტი და სადამდეა ამომრჩევლის და პარლამენტის საბოტაჟი.

“თუ პოლიტიკური პარტია უარს ამბობს იმ მინიმალურ სტანდარტზე, უარს ამბობს იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც დააკისრა ამომრჩეველმა და დემოკრატიის პრინციპმა, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს საბოტაჟს და არა პოლიტიკურ ბოიკოტს, როგორც ოპონეტებს სურთ, გააფორმონ და გაასაღონ საზოგადოებაში, ვითომ ისინი იმყოფებიან პოლიტიკურ ბოიკოტში”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. საპასუხოდ “ოცნებამ” წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს, მათ შორის, უფასო საეთერო დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი