ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპაციის პრობლემის მოგვარებამდე ქვეყნის განვითარება შეზღუდული იქნება| გახარია

23 დეკემბერი, 2020 • 1731
ოკუპაციის პრობლემის მოგვარებამდე ქვეყნის განვითარება შეზღუდული იქნება| გახარია

“ოკუპაცია, სამწუხაროდ, იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად. ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარიას განმარტებით, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილება.

“გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც საქართველოს ოკუპაცია, საერთაშორისო დონეზე, ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებში ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ“.

როგორც პრემიერი აცხადებს, ამ მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატიზაცია.

„ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ფასეულობების დონეზე თანხვედრას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ განცხადებების დონეზე იყოს, კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტული შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, პირველ რიგში, ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი