ახალი ამბებიკომენტარი

სტუდენტობა ონლაინ: რა წარმომედგინა, რა მივიღე

25 დეკემბერი, 2020 • 2498
სტუდენტობა ონლაინ: რა წარმომედგინა, რა მივიღე

მარიამ ზვიადაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. მან მხოლოდ 1 სემესტრი გაატარა უნივერსიტეტის შენობაში. ენის სწავლა სახლიდან, ონლაინ დაიწყო. 

“ნეტგაზეთთან” ისაუბრა იმის შესახებ, რას ელოდა “ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი წლებისგან” და რა მიიღო, რა სირთულეები იქმნება ენის ონლაინ სწავლისას და როგორ უმკლავდება სტრესს, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მის მოტივაციაზეც მნიშვნელოვნად აისახება. 

ერთი დღე შეზღუდვების გარემოცვაში

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იმ დღეს სამსახურში ვარ თუ არა წასასვლელი. იქიდან გამომდინარე, რომ ღამის ცვლაში ვმუშაობ, საღამოს შვიდიდან დილის შვიდამდე, ვცდილობ, მაქსიმალურად გამოძინებული ვიყო. ვიღვიძებ 11-ზე, 12-ზე, მერე ვჭამ… მერე ვცდილობ, რამეს ვუყურო, რომ არ ჩამოვრჩე ამ ცხოვრებას და ვიმეცადინო.

როცა არ ვმუშაობ, მაგ დღეებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლექციები… ამ სემესტრში ძალიან ცუდად დამემთხვა ცხრილი იმიტომ, რომ შაბათის ჩათვლით ვსწავლობ.

ძალიან ცუდი მომენტია, სახლში რომ ვსხედვართ, რადგან მოტივაციაც აღარ აქვს ადამიანს. წინა სემესტრში კიდევ იმედი მქონდა, რომ უნივერსიტეტში დავბრუნდებოდი. ეს სემესტრიც ონლაინ რომ გაგრძელდა, მოტივაციის ნატამალიც არ არის.

თავს ძალას ვატან, რომ დავჯდე, ვიმეცადინო, რაღაც გავაკეთო… მეორე მხრივ, მინდა, მთელი დღე ვიწვე და მეძინოს.

როცა ვირუსი შემოვიდა

ამას წინათ ვფიქრობდი, რომ არ მახსოვს, როგორ დაიწყო. მახსოვს, მარტის შუა რიცხვებში მითხრა დედაჩემმა, სამსახურში არ გახვიდე ცოტა ხნით, დამშვიდდეს სიტუაციაო.

ჩაკეტვის პირველი ორი და სამი თვე საერთოდ არ მახსოვს. თითქოს მთლიანად გაქრა პერიოდი მარტიდან მაისამდე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიჯექი სახლში და ვესწრებოდი ლექციებს.

პირველი ტალღის დროს სამსახური [დროებით] დავკარგე. მხოლოდ მამაჩემი მუშაობდა. დისტრიბუტორია, მთელ ქალაქს უვლის გარშემო და ყველანაირ ხალხთან აქვს შეხება. მეშინოდა იმ მხრივ, რომ არ მოეტანა სახლში ვირუსი. ჩემს თავზე იმდენად არა, უფრო დედაჩემზე ვნერვიულობდი, რადგან თანმხლები დაავადებები აქვს.

როდის შემეშინდა პირველად

ნოემბრის დასაწყისში ჩემი მეგობრის მეგობარს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, დაუდასტურდა კორონა. მანამდე, სამსახურის მერე ვნახე, გადავეხვიე, უპირბადოდ ვიყავით უკვე. მეორე დღეს ვიგებ ამ ამბავს.

მაშინაც შიშის მომენტი გამიჩნდა არა უფრო ჩემს თავზე, არამედ დედაჩემზე. არ გადავდო და უფრო რთულად არ გადაიტანოს-მეთქი, ვფიქრობდი. თან, ისე დაემთხვა, რომ იმავე პერიოდში გავცივდი. ჩემი მეგობრის ტესტის პასუხს ველოდებოდით და ამ დროს გავცივდი! მერე მე თვითონ ავიყვანე ხელში თავი. ბოლოს არ დაუდასტურდა არც მის მეგობარს.

შიში მქონდა ასევე, როცა საავადმყოფოები გაივსო. რომ წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემის დაწვენა გვინდა და ვერ ვაწვენთ, რადგან ადგილები არ არის. ან მე დავინფიცირდე და არ მომხედონ იმიტომ, რომ არავინ მყავს… ამ მომენტის უფრო შემეშინდა, ვიდრე თვითონ კორონასი.

მოლოდინები ვირუსამდე: ახალი ეტაპი ახალ ენასთან ერთად

ისლამი და არაბეთის ნახევარკუნძულის ისტორია იყო ის მიზეზი, რატომაც არაბისტიკაზე ჩავაბარე. ბავშვობიდან მიყვარდა. როცა ისტორიის სწავლა დავიწყე, იქიდან მოყოლებული მიყვარდა არაბული კულტურა, ისტორია, და სიხარულით ვსწავლობდი. ამან გადამაწყვეტინა ენის შესწავლაც.

უნივერსიტეტშიც ასეთივე სიხარულით ვსწავლობდი ისლამს და შემდგომ უკვე – არაბული ქვეყნების ისტორიას. ძალიან მიყვარს ეს საგნები და რაც მაინტერესებს, მართლა ვსწავლობ. რაც არ მაინტერესებს, ისე ხდება, რომ ბოლო წუთისთვის ვიტოვებ ხოლმე.

ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა. უკვე წარმოვიდგენდი, რომ აუდიტორიაში ვსხედვართ, ვსწავლობთ და ამ დროს შემრჩა ონლაინში გაზიარებულ დაფაზე დაწერილი ანბანი და სიტყვები.

როგორ მიშლის ხელს პანდემია, ვისწავლო ის, რაც მინდა

ჩვენი ლექტორები მთელი ძალით ცდილობენ, არ ეზარებათ. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ სანამ გამოცდები დაიწყება, მეტჯერ შემოდით, გავიმეოროთ, რაც ვერ გაიგეთო. არ ეზარებათ, მაგრამ მაინც არ არის ეს საკმარისი იმიტომ, რომ როგორც არ უნდა უსმინო, აუდიტორიაში სხვანაირია სწავლება.

ის დრო, რაც იკარგება სიტყვების დაწერაში გაზიარებულ ეკრანზე, შეიძლებოდა დათმობოდა ლაპარაკს აუდიტორიაში, ლაპარაკის უნარის გაუმჯობესებას…

რომ დავდივარ ლექციებზე და ადამიანს ვუყურებ, უფრო კარგად აღვიქვამ იმ მასალას. ჩემთვის მნიშვნელოვანია სხეულის მოძრაობა, ლაპარაკის მანერა… რომ ვიცი, როგორც ლაპარაკობს ადამიანი, მერე უკვე, სულ რომ ონლაინში მქონდეს მასთან ურთიერთობა, მაინც უკეთ აღვიქვამ ახსნილს.

შეიძლება, ცოტათი სულელურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს მომენტი. მაგალითად, მგონია, რომ არაბულის ლექტორის ახსნილსაც უკეთ გავიგებდი, ლაივში რომ მქონდეს ნანახი, როგორ ხსნის ის ლექციას.

მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ლექტორისთვის დღემდე გაუგებარია ტექნოლოგია და ცოტათი ეგ ქმნის პრობლემას. ზოგიერთს შემოსვლა უჭირს, ზოგი ზეპირად გვკარნახობს იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა დაიწეროს…

ამ მხრივაც წავიდა ჩემი მოტივაცია უკან, რომ შევდივარ, ვისმენ ზეპირად მოყოლილს და მორჩა. ასეთი ლექცია ჩემთვის უაზროდ დაკარგული ორი საათია. ამას სახლშიც ხომ ვიზამ?

ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ლექტორები ვერ შემოსულან ზუმში. როცა ლექცია უნდა გვქონდეს, მაშინ გვიცდება და იმ დღეს, როცა უნდა ვისვენებდეთ – გვიტარდება. ასეთი მომენტიც არის…

ლექციებზე საწოლიდან, გაუთვალისწინებელი უხერხულობები და სხვა

პირველ სემესტრში სინდისი მაწუხებდა ხოლმე და საწოლიდან ვდგებოდი. ახლა, თუ იმ დღეს არ ვმუშაობ, საერთოდ არ ვდგები საწოლიდან და იქიდან ვესწრები ლექციებსაც. საწოლს აღარც ვალაგებ იმიტომ, რომ მაინც სულ ვწევარ.

ხომ ყველაფერი მე უნდა დამემართოს: არაბულის ლექციაზე შევედი ამას წინათ. ტექსტი, რომელიც უნდა გაგვერჩია, არ მქონდა კარგად წაკითხული და ვიფიქრე, სანამ ჩემი ჯერი მოვა, წავიკითხავ მეთქი.

არ ვიცი, რანაირად, მაგრამ ხმა ჩართული მქონია. კითხვის ძალიან სულელური მანერა მაქვს. ჩემთვის რომ ვკითხულობ რაღაცას, ვბურტყუნებ. ვწევარ, ტელეფონი მიდევს იქ და თურმე ჩემი ხმა ჩვეულებრივ ისმის. კურსელები მწერდნენ, რას შვრები, სულებს იძახებო?

იყო შემთხვევა, როცა ჩემს დას ვუყვირე, სიმღერები გამორთე-მეთქი და თურმე ხმის გამორთვა დამვიწყებია.

სპარსულის ლექციაზე დამემართა კიდევ, რაღაც სიტყვა წავიკითხე და ჩემს დას აუტყდა მის გაგონებაზე სიცილი. მის სიცილზე მეც ყოველთვის მეცინება. მაშინაც ასე მოხდა და ვერც მოვიფიქრე, რომ ხმა გამეთიშა. მერე თვითონ ლექტორმა გამომირთო ხმა.

სტრესი, რომელიც მოტივაციას ემუქრება

ეს წელი საშინელი იყო ჩემთვისაც, არაერთი ადამიანი დავკარგე. აუდიტორიაში სიარულიც იმიტომ მინდა, რომ ყურადღება გადავიტანო, მოვბილიზდე სწავლაზე… როცა სახლში ზიხარ, უფრო მეტს ფიქრობ ცუდზე.

მაისში ნევროზი ჩამომიყალიბდა ჩვეულებრივად. წამლებსაც ვსვამდი ერთი პერიოდი. ძალიან მიყვარს გარეთ სიარული. ეს ის პერიოდი იყო, რომ სამსახურიც დავკარგე და სახლში დავჯექი.

ზიხარ ამ დროს, სულ ნეგატივზე ფიქრობ, ვერაფერზე გადაგაქვს ყურადღება… ცუდი ფიქრები გეკვიატება… ამავე პერიოდში დაიღუპა ჩემი ორი ბიძაშვილი, ასევე, გიორგი შაქარაშვილი, რომელსაც 13 წელი ვიცნობდი. პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით.

რა თქმა უნდა, ახლაც მაქვს ხოლმე სტრესი, უბრალოდ, მე თვითონ, წამლების გარეშე ვისწავლე მისი მართვა. სამსახურშიც დამწყებია პანიკური შეტევა, უცებ გული რომ გიჩქარდება, უჰაერობას გრძნობ…

ძირითადად ეს სტრესი მეწყება ხოლმე, ცუდი ფიქრი თუ ამეკვიატა და ამიყოლია. ახლა იმდენი ცუდი ხდება, ამდენი ადამიანი გარდაიცვალა… გინდა არ გინდა, გხვდება გულზე, არის მათ შორის შენი ახლობელი თუ არა.

ხალხი ისე უყურებს ამას, მოიცა, რა აუდიტორიები… არადა, პირიქით, ამ დროს ის აუდიტორია და ხალხთან ურთიერთობაც საჭიროა, რათა გამოხვიდე მდგომარეობიდან. თორემ ერთხელ თუ აგეკვიატა უარყოფითი ფიქრები, ძალიან გითრევს მერე.

მეგობრები, რომლებიც არ მინახავს

ახლა 3-4 ადამიანთან ვარ ახლოს. [პირველი კურსის] პირველ სემესტრშიც ვიცნობდი, ოღონდ გამარჯობით . სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. მეორე სემესტრში ისე მოხდა, რომ არაბულზე მოვხვდით ერთად. მერე ჩატი გავაკეთეთ და იმ ჩატიდან დაიწყო ჩვენი დაახლოება.

იმედი გვაქვს, მეორე სემესტრში, 2021-ში მაინც ვნახავთ ერთმანეთს. ახლა თითქმის ყველა მათგანი რაიონშია. ერთადერთი ჩემი კურსელი ვნახე ამ სემესტრში, როცა არაბულის სახელმძღვანელოების გამოსატანად წავედით გამომცემლობაში.

კიდევ ერთთან ვარ ძალიან კარგად. ისიც თავის სოფელშია ახლა და შეთანხმებული ვიყავით, რომ თბილისში რომ ჩამოვიდოდა, ვიყიდიდი ველოსიპედს და მოვივლიდი მთელ ქალაქს. ვეღარ ჩამოვიდა და აღარც მე მიყიდია ველოსიპედი.

სტუდენტობა: რა წარმომედგინა, რა მივიღე

დედაჩემი ყოველთვე ერთსა და იმავეს მეუბნება: “დედა მოგიკვდეთ, რა სტუდენტობა გაქვთ!” მე რომ სტუდენტი ვიყავი, ხან სად დავდიოდი, ხან სადო. ამას მეუბნება მე, სახლში რომ ვარ გამოკეტილი!

დიდი სია მაქვს, რა მინდოდა გამეკეთებინა, როცა სტუდენტი გავხდებოდი. ძალიან ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი ბავშვებს. ექსკურსიები, წასვლა-წამოსვლა… რეალურად, ვერაფერს ვაკეთებთ. სასეირნოდაც კი ვერ გავდივარ. მართლა ძალიან მწყდება გული.

რამაც ყველაზე მეტად გამიტეხა გული, 7 აპრილს უნდა წავსულიყავი ოჯახთან ერთად პრაღაში და ესეც ჩავარდა.

ძველი ცხოვრება?

მე მგონია, რომ ის ცხოვრება ვერ დაბრუნდება.

სამსახურშიც ვიხსენებდით კორონამდე პერიოდს: პირბადეების გარეშე რომ ვისხედით, ყველანი ვიკრიბებოდით ოფისის მესამე სართულზე და გვქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. ერთ მაგიდასთან ვისხედით ბევრნი, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით…

ახლა სართულები ზონებადაა დაყოფილი, შესვენებაზეც ცოტა ხალხი გამოდის. ერთადაც ვერ ვსხდებით.

ამ ფონზე, ძველ დროს რომ ვიხსენებ, მგონია, რომ 1-2 წელი მაინც დაგვჭირდება იქ დასაბრუნებლად.

ყველაზე რთული თავიდან ის მომენტი იყო, როცა სამსახურშიც გამოგვიცხადეს, რომ მაგიდებთანაც პირბადით დავსხდებოდით. შემდეგ აღარც ეს გამჭირვებია.

მქონდა მომენტი, რომ ვერ ვძლებდი პირბადით მეტროში ნახევარი საათითაც. ახლა, ფაქტია, 12 საათი მიკეთია პირბადე.

წლების შემდეგ: რა მსურს, სად ვხედავ თავს

აქ რომ არ მინდა დარჩენა, ვიცი. ძალიან დიდი ნეგატივის მატარებელი გახდა ხალხი.

ჯერ არ ვგეგმავ იმას, რა მინდა გავაკეთო. შეიძლება, თარჯიმნობა დავიწყო, შეიძლება – ჩემი ტურისტული გავხსნა. ეს ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

მთავარია, ჯერ პიროვნულად განვვითარდე, განვავითარო არაბული, კარგად ვისწავლო, დავხვეწო ლაპარაკი, გრამატიკა… ჯერჯერობით ჩემთვის ეს არის პრიორიტეტული.

იმდენად მიყვარს [ენა], რომ პირველ რიგში, მინდა ეს ვისწავლო. მერე პროფესიასა და შემოსავალზე ვიფიქრებ.

ძალიან მინდა, ჩემი პროფესიით იმდენი ფული ვიშოვო, სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, გავაკეთო მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა თავშესაფარი… ძალიან დიდი მიზნები მაქვს, მინდა ბევრს მივაღწიო. მთავარია, ჯერ მოტივაცია ვიპოვო.

მასალების გადაბეჭდვის წესი