ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში შეიქმნება თავდაცვის რეკრუტირების ცენტრები | ღარიბაშვილი შესაძლო რეფორმაზე

23 დეკემბერი, 2020 • 1233
მუნიციპალიტეტებში შეიქმნება თავდაცვის რეკრუტირების ცენტრები | ღარიბაშვილი შესაძლო რეფორმაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.

სხვა საკითხებთან ერთად, ღარიბაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმას გულისხმობს.

დაგეგმილი რეფორმის თანახმად, წლიურად “7-8 ათასი” მოქალაქე გაივლის სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჯერ სისტემა ამისთვის მზად არ არის, თუმცა, თუ მუშაობა ამ კუთხით დაიწყება, 2-3 წელიწადში რეფორმა რეალური გახდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში თავდაცვის სამინისტროს რეკრუტირების ცენტრის შექმნას გულისხმობს, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურისა და რეზერვის პროგრამას გააერთიანებს.


ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება. ღარიბაშვილმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესზე, საარტილერიო კომპონენტის განვითარებასა და, ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჯარის აღჭურვაზეც ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი