ახალი ამბები

“ჩვენი არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს” — მოლების წარმომადგენლები მთავრობაზე

22 დეკემბერი, 2020 • 1209
“ჩვენი არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს” — მოლების წარმომადგენლები მთავრობაზე

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და შეზღუდვები კი არ მოხსნა, პირიქით, გაამკაცრა.

როგორც ისინი “რუსთავი 2-თან” აღნიშნავენ, ახლა ფორსმაჟორულ რეჟიმში უხდებათ ფუნქციონირება.

“როგორც იცით, 15 დეკემბრიდან ვითხოვდით გახსნასა და ასევე სამუშაო საათების გახანგრძლივებას. არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ახლა ფორსმაჟორულ რეჟიმში გვიხდება ფუნქციონირება. ეს შეზღუდვის მოხსნა არ არის, ეს პირიქით, შეზღუდვის გამკაცრებაა”, — განაცხადა “სითი მოლის” დირექტორმა ლევან მესხელმა.

“თბილისი ცენტრალის” დირექტორი” ლევან ყარალაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აბსოლუტურად აცდენილია იმ მოლოდინებთან, რაც მათ ჰქონდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ყველა წესს დაიცავენ. როგორც მთავრობაში აცხადებენ, დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

სავაჭრო ცენტრებში შემდეგი რეგულაციები დაწესდა:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე;
  • მომხამრებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება ნაკადების მკაცრი მართვით უნდა მოხდეს — მაღაზიების ფართის 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, დისტანციის და პირბადის ტარების წესის დაცვა;
  • ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები, შესაბამისად, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება ერთი თვის განმავლობაში, პირველი თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით.

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი