ახალი ამბები

როგორ შემოვიდა მაქსიმ შევჩენკო საქართველოში?

22 დეკემბერი, 2020 • 2135
როგორ შემოვიდა მაქსიმ შევჩენკო საქართველოში?

რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, წარსულში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისა და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში იმყოფებოდა.

როგორ შემოვიდა კარანტინის პირობებში საქართველოში, შევჩენკო თავად ყვება 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ლაივსტრიმში. შევჩენკოს თქმით, განჯაში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოში მეგობრებს დაურეკა და უთხრა, რომ ახლოს იყო, თუმცა კოვიდის გამო ქვეყანაში შესვლას, ალბათ, ვერ შეძლებდა, რაზეც მეგობრებმა უპასუხეს, რომ ამ პრობლემას ახლავე გადაჭრიდნენ მთავრობასთან.

“მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს, კი, რა პრობლემაა, გვიხარია შენი ნახვა. საზღვარზე დაახლოებით ნახევარი საათი რაღაც [დეოკუმენტები] შეავსეს და აღმოვჩნდი თბილისში კოვიდ ზომების სრული დაცვით”, – ამბობს შევჩენკო.

შევჩენკოს თქმით, საქართველოში 3 დღე გაატარა, ჰქონდა კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან, მათ შორის, გაიცნო კომუნისტი გრიშა ონიანი.

2009 წლის სექტემბერში მაქსიმ შევჩენკო ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააბრუნეს. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების განმარტებით, მაქსიმ შევჩენკოსთვის საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის მოტივი იყო მისი უკანონო ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და, შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

“ნეტგაზეთმა” შსს-ს მიმართა იმის გასარკვევად, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა შევჩენკო საქართველოში და კოვიდ შეზღუდვებისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონდარღვევის გათვალისიწნებით, როგორ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მანამდე განმარტება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა. დეპუტატის თქმით, შევშენკოს მიერ ჩადენილი კანონდარღვევას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს და საქართველოში დღემდეც არაერთელ ჩამოსულა.

“მაქსიმ შევჩენკოს 2009 წელს ჰქონდა კანონი დარღვეული. 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა. მეტიც, ის ამის შემდეგ საქართველოში არაერთხელ იყო და რატომღაც ამბავი დღეს ატყდა. ეს ადამიანი საქართველოში მას შემდეგ ჩამოდის, რაც [კანონდარღვევას] ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა 2015 წელს”,  – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, მაქსიმ შევჩენკო საქართველოში ბიზნესაკრედიტაციით შემოვიდა.

“ის ადგილზე ბიზნესჯგუფმა მოიწვია, ბიზნესაკრედიტაცია შეავსო და გამარტივებული წესით შემოვიდა. [მთავრობის] დახმარება რაში სჭირდებოდა?! კანონი არ დაურღვევია და აკრედიტაციის წესი შეავსო. თუ იმის დაკავშირება გინდათ, რომ ის საქართველოს ოკუპაციის მომხრე იყო და, ამავდროულად, რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა აქ შემოსვლაში ხელი შეუწყო, დავაზუსტოთ… რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ნახეთ ელჩების წინააღმდეგ, დასავლეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში შევჩენკო პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი და პირიქით, საქართველოს მიმართ უკვე კეთილგანწყობილია, ახლა ის ხდება თავდასხმის ობიექტი. ამ ადამიანთან შეხება საერთოდ არ მაქვს და, დარწმუნებული ვარ, არც ჩემი კოლეგების უმეტესობას, მაგრამ ფაქტებს დავაკვირდეთ – დასავლელი ელჩების ბულინგით დავიწყეთ და პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შემოსვლით ქვეყანას ვაქცევთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი