ახალი ამბებისაზოგადოება

რა შეცვალა პანდემიამ ერთი გიდის ცხოვრებაში | ზეპირი ისტორია

22 დეკემბერი, 2020 • 2851
რა შეცვალა პანდემიამ ერთი გიდის ცხოვრებაში | ზეპირი ისტორია

პაპუნა ლომოური რუსთავიდანაა. პანდემიის დაწყებამდე იგი გიდად მუშაობდა. პაპუნა გვიყვება თავის ისტორიას, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ მისი ყოველდღიურობა, რა გამოცდილება და ახალი ცოდნა დაუგროვდა ამ დროის განმავლობაში და რას აპირებს მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება.

რა იყო პანდემიამდე

უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით მივიღე, თუმცა ამ საქმისკენ გული დიდად აღარ მიმიწევდა. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, ბედი ტურიზმის სფეროში მეცადა. პანდემიამდე გიდად ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში და თუ შევადარებთ საქართველოს ზოგად მდგომარეობას, ანაზღაურებაც და სხვა სამუშაო პირობებიც საკმაოდ კარგი მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იყო სტრესული მომენტები და ზოგჯერ ვფიქრობდი, აღარ ვიმუშავებდი გიდად, მაინც კარგი სამსახური იყო, რადგან ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც რეალურად მომწონდა, ახალ ადგილებს ვნახულობდი ტურისტებთან ერთად, დავაგროვე დიდი ცოდნა და გამოცდილება და მქონდა მეტ-ნაკლები თავისუფლება, შემეძლო თავად დამეგეგმა კვირა, თუ როდის ვიმუშავებდი და როდის არა.

საინტერესო სტუმრებიც მყავდა ხოლმე, მაგალითად, იაპონელების ჯგუფი, რომლებმაც ძალიან ბევრი რამე მაჩუქეს, მათ შორის, როგორც თავად თქვეს, 100 წლის ასაკის წიგნიც. საჩუქრები გადასცეს ეროვნულ მუზეუმსაც. როგორც თვითონ ამბობდნენ, ისინი ასე მოგზაურობდნენ — ყველა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ, საჩუქრები ჩაჰქონდათ. ტურისტების ნაწილთან დღემდე მაქვს მიმოწერა, ამ სამსახურმა მეგობრებიც შემძინა.

მუშაობის შემდეგ, ან შაბათ-კვირას, მეგობრებთან ერთად ვატარებდი. როგორც წესი, თბილისში საყვარელ ბარებში ვხვდებოდით ერთმანეთს და ლუდს ვსვამდით. მე ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს, რომლებიც ევროპაში ყოფნის დროს გავიცანი. ისინიც ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. წინა ზაფხულს რამდენიმეჯერ ჩამოვიდნენ და ერთად დავათვალიერეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

 ტურისტების ჯგუფთან ერთად ყაზბეგში

ზამთარში ტურისტული სეზონი, როგორც წესი, გაჩერებულია, მაგრამ მე ამ დროსაც მქონდა შეკვეთები. იანვარ-თებერვალში უკვე დაიწყო ვირუსის გავრცელება ჩინეთში, თუმცა ეთერში ხშირად ჩანდა ამირან გამყრელიძე და ამბობდა, რომ ეს ჩვენამდე არ მოაღწევდა და ვირუსის გავრცელებისთვის საქართველო დაბალი რისკის ქვეყანა იყო.

ამ დროს არც მიფიქრია, რომ სამსახურს დავკარგავდი, რადგან არც საზღვრები იყო ჩაკეტილი, ყველაფერი ფუნქციონირებდა და ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მაშინ, როდესაც ე.წ. ჩაკეტვები დაიწყო, ის ტურები, რომლებიც მარტში და აპრილში მქონდა დაჯავშნილი, გაუქმდა. მაშინ მივხვდი, რომ სამსახურს ვკარგავდი.

პანდემიის პირველი ტალღა

თავიდან მეგონა, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. ზაფხულში თუ არა, შემოდგომაზე მაინც. მაგრამ მალევე გამიქარწყლდა ეს მოლოდინები. ვფიქრობდი, რომ საკმაოდ დიდ შემოსავალს მივიღებდი, მაგრამ ასე არ გამოვიდა.

ბევრი რამე მქონდა დაგეგმილი. მაგალითად, მეგობართან ერთად ირანში მოგზაურობა, რაც პანდემიის გამო ჩამეშალა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვრები ჩაიკეტა, არამედ იმის გამოც, რომ ის ფინანსები, რომლებიც უნდა მიმეღო, ვეღარ მივიღე. ირანში მეგობართან ერთად მივდიოდი და გვინდოდა გვენახა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. ასევე, ბუნებრივია, ირანი მსოფლიო ცივილიზაციების დაბადების ერთ-ერთი მთავარი ადგილია და მისი მონახულება ამ კუთხითაც მიმზიდველი იყო.

ახალი სამსახურის ძიება გაზაფხულზე და ზაფხულზე არ მიცდია, რადგან პირველი, ყველაფერი ჩაკეტილი იყო და მეორე, მქონდა იმედი, რომ მცირე პაუზა იყო და მალევე აღდგებოდა.

თავდაპირველად ვცადე სამსახური სოციალური მუშაობის სფეროში მეპოვა, რადგან წარსულში ამის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სექტემბერში დავიწყე სხვა სამსახურის ძიება და შევარჩიე ე.წ. უცხოენოვანი ქოლცენტრი, რომელიც ამერიკაში მუშაობს. გასაგები რომ იყოს, რადგან საქართველოს მსგავს ქვეყნებში მუშახელი იაფია, ამერიკული კომპანიები ქოლცენტრებს აქ ხსნიან.

რეალურად, მუშაობის დაწყება გაჭიანურდა, ჯერ ტრენინგები, შემდეგ პრაქტიკული სამუშაოები, მაგრამ როცა მუშაობა ნამდვილად უნდა დამეწყო, ეს იყო ნოემბერი, ისე მოხდა, რომ ოფისი დაიკეტა და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა კომპანია, თუმცა მე არ დამაწყებინეს დისტანციურად. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ დროის განმავლობაში ვერც მუშაობა დავიწყე, დრო დავკარგე და ასევე დავხარჯე ფინანსები, რადგან სამსახური თბილისშია, მე კი რუსთავში ვცხოვრობ და აქედან მიწევდა სიარული.

ეს პერიოდი ძალიან ცუდად აისახა ჩემზე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამერღვა ძილის რეჟიმი, რადგან ამ სამსახურში ღამის ცვლაშიც ვრჩებოდი, არამედ ემოციურადაც დამღლელი და უარყოფითი იყო.

უშუალოდ ვირუსი, როგორც დაავადება, მე ან ჩემს ოჯახს არ შეგვხებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ემოციურად და ეკონომიკურად ჩვენზეც დიდი გავლენა იქონია. ბებიაჩემი, რომელიც ჩვენთან არ ცხოვრობს, ვეღარ გვსტუმრობს. სულ სახლშია და ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი, რადგან რისკჯგუფს მიეკუთვნება.

ახალი რეალობა

ბოლო ერთთვიან პერიოდში ჩემს კორპუსში გარდაიცვალა 3 ადამიანი. ზოგადად, მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ თუ ვინმე მკითხავდა, რომელ მეზობელთან გაქვს ახლო კონტაქტიო, ამ სამს დავასახელებდი. აქედან ორი უშუალოდ კორონავირუსით გარდაიცვალა. ერთი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ზუსტად უცნობია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ისიც ვირუსით დაიღუპა. ამანაც საკმაოდ ცუდად იმოქმედა ჩემზე, რადგან მათდამი კეთილგანწყობილი ვიყავი და ამდენი გარდაცვალების ფაქტი დამთრგუნველი იყო.

მას შემდეგ, რაც ფიტნეს დარბაზები დაიკეტა, შევეცადე ვარჯიში სახლში გამეგრძელებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი გამოდგა. ამანაც ცუდად იმოქმედა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე. შეიძლება რაღაც არ გამოგდიოდეს კარიერისა და პირადი ცხოვრებაში, მაგრამ ამას გინაზღაურებდეს ვარჯიში, რადგან ამ დროს ფიზიკურად და ემოციურად, რაღაცნაირად იცლები, რაც სიამოვნებას განიჭებს. ეს ყველაფერი რომ არ შემეძლო, ამან იმოქმედა ჩემზე ძალიან ცუდად. ახლა, როდესაც ეს რეგულაციები ისევ ხელმეორედ დაიწყო, ემოციურად იგივე “მორევში” ვეშვები, რაც გაზაფხულზე მქონდა.

ზაზუნა მოვიყვანე, ესეც ალბათ ქვეცნობიერად იყო გამოწვეული, რომ რაღაც სიახლე მჭირდებოდა. მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ “გავაფრენდი, თუ რამე ახალს არ გავაკეთებდი”. ვფიქრობ, ასეთი პატარ-პატარა სიახლეები საჭიროა. კორონავირუსმა რაც მასწავლა, ეს არის, რომ მუდმივად უნდა იყო სიახლის ძიების პროცესში, რაც ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ რაღაც ახალის გაკეთება, თუნდაც არაპროფესიულ დონეზე გეხმარება სტრესის დაძლევაში.

ასეთი პატარა სიახლეა პროექტი “მრავალფეროვნების სკოლა”, რომელშიც ვმონაწილეობ. ამ პროექტის ფარგლებში ბავშვებთან ჩავატარე მინილექციები ეკოლოგიის თემაზე, კერძოდ, დახურულ ეკოსისტემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ლექცია ერთჯერადი იყო, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ისინიც მასწავლებელს მეძახდნენ და მეც შევიფერე. ძალიან მომეწონა ჩემი მასწავლებლის ამპლუაში ყოფნა და მივხვდი, რომ ინფორმაციის გადაცემა და კომუნიკაცია კარგად გამომდის. ვფიქრობ, ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ბევრ კითხვას მისვამდნენ და სრულიად ჩაერთნენ ლექციაში.

ონლაინ ლექცია დახურული ეკოსისტემების შესახებ – ფოტო: Facebook/American Corner Rustavi 21.10.2020

წიგნების კითხვაც ამ დროს დავიწყე. ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო კამიუს “შავი ჭირი”, რომელიც სიუჟეტურად ჰგავს იმ მოვლენებს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. მეორე შეზღუდვების დროს კიდევ უფრო ბევრ წიგნს ვკითხულობ, არა მხოლოდ ჩემი მასშტაბებით, არამედ ობიექტურადაც.

ამ პანდემიის დროს სოლარგრაფიითაც დავინტერესდი. გავიგე, რომ უბრალოდ ლუდის ქილითაც კი შესაძლებელია ფოტოს გადაღება. ჩემი კორპუსის სახურავზე ფოტოს გადასაღებად ქილები დავამონტაჟე და ვნახოთ, რა გამოვა.

კორპუსის სახურავზე დასამონტაჟებლად გამზადებული ლუდის ქილები, რომლებშიც ფოტო-ქახალდი დევს. ქილა ერთ ადგილას ნემსითაა გახვრეტილია, მასში სინათლის სხივის მოხვედრის დროს, გამოსახულება ქახალდზე აღიბეჭდება. ფოტო: პაპუნა ლომოური

პანდემიანდელი ცხოვრებიდან, ბანალურია, მაგრამ ალბათ თავისუფლება მენატრება. ძველი ცხოვრებაც მენატრება. რაც უფრო დრო გავიდა და მივხვდი, რომ არა მხოლოდ სამსახური დავკარგე, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დავბრუნდები ტურიზმის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სტრესული სამსახური იყო, ამის მიუხედავად მაინც მენატრება. ახლა ვხვდები, რომ არაფრით არ ვიყავი უკმაყოფილო.

ასევე მენატრება, უფრო სწორად, მთელი ამ ჩაკეტვების დროს მინდოდა და ახლაც მინდა, რომ მქონდეს სტაბილური ცხოვრება. მთელი გაზაფხული და ზაფხული თავს არეულად ვგრძნობდი. ახლაც ასე ვარ. ალბათ ორი კვირაა სახლიდან არ გავსულვარ. ახლაც მინდა, რომ რაიმე სტაბილური, თუნდაც რუტინული საქმე მქონდეს, რადგან ამ არეულობამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.

სიმართლე რომ ვთქვა, მომავალს დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ, მაგრამ როდესაც პანდემია დასრულდება, მინდა, რომ ფოტოგრაფია ვისწავლო. შეიძლება პროფესიულ დონეზე არ გამომივიდეს, მაგრამ ჰობად ალბათ მექცევა. აქამდეც ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ მინდა კიდევ უფრო დავხვეწო.

ასევე მინდა, რომ სტაბილური საქმიანობა და ცხოვრება დავიბრუნო, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. გიდობა ზუსტად ასეთი იყო და იმედია, დავბრუნდები, თუ მანამდე რამე ისეთი არ ვიპოვე, რაც ბოლომდე ჩამითრევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი