ახალციხეში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გმაოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა, “სამხრეთის კარიბჭე” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, კაცი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა და ფულს ითხოვდა, გამყიდველს ფიზიკურად გაუსწორდა.
„თავიდან რომ შევიდა, ლატარიის ბილეთი მოითხოვა, მერე უცებ ქუდი ჩამოიფარა და გამყიდველს ფული მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ ძირს დააგდო და წიხლებს ურტყამდა, საბოლოოდ ქალმა თავის დაღწევა შეძლო და პოლიცია გამოიძახა“, – აცხადებენ მაღაზიის გვერდით მცხოვრებლები.