ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გორისის მერი ფაშინიანის წინააღმდეგ მოწოდების შემდეგ დააკავეს

21 დეკემბერი, 2020 • 888
გორისის მერი ფაშინიანის წინააღმდეგ მოწოდების შემდეგ დააკავეს

სომხეთის ქალაქ გორისის [სიუნიკის პროვინცია] მერი არუშ არუშანიანი პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 21 დეკემბერს დააკავა. მის დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მოწოდება, ნიკოლ ფაშინიანისთვის გზა გადაეკეტათ და ხელი შეეშალათ მისი ვიტიზისთვის სიუნიკში.

სომხური მედიის ცნობით, არუშანიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

სომხეთის პოლიციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, საქმე გადასცეს საგამოძიებო კომიტეტს, სადაც ამჟამად იმყოფება არუშანიანი.

სომხურ მედიასთან საუბარში არუშანიანი ვერ ასახელებს მუხლს, რომლის შესაბამისადაც ის დააკავეს. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტეს არ გაუვრცელებია.

არუშ არუშანიანი; ფოტო: verelq.am

გუშინ, 20 დეკემბერს, არუშ არუშანიანმა ფეისბუკის საშუალებით განაცხადა, რომ დღეს, 21 დეკემბერს დილით, გორისის შესასვლელთან ნიკოლ ფაშინიანს გზას გადაუკეტავენ და სიუნიკში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

არუშანიანის დაკავების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციას მაინც მართავს ფაშინიანის ვიზიტის წინააღმდეგ. პოლიციასა და სიუნიკის მცხოვრებლებს შორის 21 დეკემბერს შეტაკებაც მოხდა.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომი 10 ნოემბერს სამმხრივი [რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი] შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რაიონი [მათ შორის ადმინიტრაციული ცენტრი კაპანი] აზერბაიჯანის ახალი საზღვრების უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა. კაპანიდან რამდენიმე სოფლისკენ მიმავალი გზა კი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

აზერბაიჯანთან სადემარკაციო სამუშაოებისა და სომხეთის მიერ სტრატეგიული სიმაღლეების დათმობის გამო, სიუნიკის რაიონის მოსახლეობის უკმაყოფილებისა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების მიუხედავად,  სომხეთის პრემიერი სიუნიკში ჩავიდა.

პროტესტის მიუხედავად ფაშინიანი სიუნიკში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი