ახალი ამბები

300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

19 დეკემბერი, 2020 • 1375
300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 19 დეკემბერს გაავრცელა.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი.

“კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

შესაბამისად, პირები, რომელთაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ხელფასი აღარ მიუღია იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა… აღნიშნული ცვლილების თანახმად მაინც მიიღებენ კომპენსაციას”, – თქვა მან.

უწყების თანახმად, ამ დროისთვის კომპენსაციის მისაღებად 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

73 600 განაცხადია დარეგისტრირებული

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება  3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება.

ვის ეკუთვნის დახმარება?

დადგენილებით, აღნიშნული დახმარება ეკუთვნით ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა ბიზნესზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ. ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვერ მიიღებენ დახმარებას, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აღნიშნული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად.

ასევე, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების უფლება.

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ დაქირავებული პირებიც, ვინც 27 ნოემბრის ჩათვლით იმ დამქირავებლის სასარგებლოდ ეწეოდნენ საქმიანობას, ვისაც 28 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდათ.

როგორ მივიღოთ 300-ლარიანი კომპენსაცია | რეგისტრაცია დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი