ახალი ამბები

სტუდენტების დახმარების თხოვნით ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

18 დეკემბერი, 2020 • 974
სტუდენტების დახმარების თხოვნით ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

პრემიერ-მინისტრსა და განათლების სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და ითხოვენ ისეთი დახმარების პაკეტის შექმნას, რომლითაც ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტატუსი არ შეიჩერონ. ამას გარდა, პეტიციაზე ხელმომწერნი მოითხოვენ, რომ დახმარების პაკეტით მინიმუმამდე დავიდეს უნივერსიტეტების შესაძლო ფინანსური ზარალიც.

“წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს პრემიერს, პრემიერის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს და მოვუწოდებთ საჭირო სამინისტროებთან, ორგანოებთან თანამშრომლობით, შეიმუშაონ მოლაპარაკებების ფორმატი, დაამყარონ კომუნიკაცია ყველა აკრედიტირებულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან და დაიწყონ პრობლემების მოგვარების გზების პოვნა.

მთავრობამ შეიმუშაოს ისეთი პაკეტი და პირობები, რომელიც ერთი მხრივ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას გაუმკლავდნენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემებს და არ გახდნენ იძულებულნი, აღნიშნული შეზღუდვების გამო შეიჩერონ სტუდენტის სტატუსი, მეორეს მხრივ კი, უნივერსიტეტს არ დაეკისროს დაუძლეველი ტვირთი და მათი ფინანსური ზარალი მინიმუმადე იქნეს დაყვანილი”,-წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი გიორგი კაციაშვილი წერს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებული ლოქდაუნის დროს, მთავრობას სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული გადასახადის, 2250 ლარის, განახევრების თხოვნით მიმართეს, რაც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. შედეგად, მისი განცხადებით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. აქედან გამომდინარე, პეტიციის ავტორი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო ისევ უგულებელყოფს მათ მოთხოვნებს და არ შექმნის მოლაპარაკებების პლატფორმას უნივერსიტეტებისთვის, შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მეტი სტუდენტი გახდება იძულებული, სტატუსი შეიჩეროს.

“ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან, უარი თქვან განათლებაზე. განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა”, – წერია პეტიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი