ახალი ამბები

ახალი “გირჩის” სახელი და ლოგო იგივე იქნება – ჯაფარიძე

17 დეკემბერი, 2020 • 1183
ახალი “გირჩის” სახელი და ლოგო იგივე იქნება – ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბერს ახალი “გირჩი” დაფუძნდება და მისი სახელიც და ლოგოც იგივე იქნება.

ამის შესახებ ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

“26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი “გირჩის” ყრილობა, სადაც ახალი “გირჩი” დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და ორი “გირჩი” იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ამოსული საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, სახელ “გირჩზე” საავტორო უფლება ვის აქვს, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არცერთი “გირჩი” საავტორო უფლებებს არ აღიარებს.

მისი თქმით, ახალ “გირჩში” ძირითადად ახალგაზრდები გაერთიანდებიან და ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს ახალი ადამიანების მოსვლას პოლიტიკაში.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“. ამ დროისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა.

ზურაბ ჯაფარიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ “გირჩი” კი არ დაიშალა, არამედ გაიშალა.

“2008 წელს ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გირჩი იყოფა – ვინ რჩება პარტიაში?

მასალების გადაბეჭდვის წესი