ახალი ამბები | ,

NGO-ები კობახიძის ინიციატივაზე: მიზნად ისახავს პროტესტის გამო პარტიების სანქცირებას

17 დეკემბერი, 2020 | | 569
NGO-ები კობახიძის ინიციატივაზე: მიზნად ისახავს პროტესტის გამო პარტიების სანქცირებას

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს ინიციატივა არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა.

ხელმომწერი NGO-ები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. მათი თქმით, თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, არჩვენებს იმედის თვალით უყურებდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. არასამთავრობოების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა და ის იყო „ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი”.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით, სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართეს, შემდეგ კი – სასამართლოებს, მაგრამ უშედეგოდ – მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. შედეგად, მათი თქმით, საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი, რაც NGO-ების შეფასებით, უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას:

“აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა” ,- აცხადებენ განცხადების ავტორები.

მათი თქმით, თვალსაჩინოა, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს როგორც მოკლევადიან, ასევე – გრძელვადიან პერსპექტივაში.

მათი თქმით, აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან):

“მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  • საფარი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტიების დაფინანსების შეჩერებაზე კანონპროექტი ინიცირებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი