ახალი ამბები

ზუგდიდის ჰოსპიტალში პაციენტი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

17 დეკემბერი, 2020 • 887
ზუგდიდის ჰოსპიტალში პაციენტი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერლურ ჰოსპიტალში პაციენტი საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა.

როგორც რადიო “ათინათს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტს თავის ტვინის კეროვანი ტრავმა ჰქონდა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ორჟონიას თქმით, გარდაცვლილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მისი გაწერა იგეგმებოდა:

“მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო, იგეგმებოდა მისი გაწერა, თუმცა ღამის საათებში მოულოდნელად გადახტა და, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მკურნალობის პერიოდში პაციენტი იყო სტაბილური და რაიმე ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდები არ ჰქონია”, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი რადიო “ათინათთან“.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი