ახალი ამბები

შეზღუდვების ფონზე სტაბილიზაციის ტენდენციაა, რაც პირდაპირ აისახა საწოლფონდზე — გაბუნია

16 დეკემბერი, 2020 • 883
შეზღუდვების ფონზე სტაბილიზაციის ტენდენციაა, რაც პირდაპირ აისახა საწოლფონდზე — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მცირედით დასტაბილურდა.

გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაზე დაკვირვება აჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიც მიუთითებს იმაზე, რომ მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღინიშნება. 3487 შემთხვევა  იყო დღეს დადასტურებული, 17 ათასზე მეტი ტესტი შესრულდა. თუმცა ეს კვირა მაინც მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვების კუთხით, რათა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ ამ შეზღუდვების ფონზე და ცალსახად იკვეთება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვას და ეპიდემიის ამგვარ მაჩვენებლებს შორის რამდენად შენარჩუნდება. შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმა ამ ცვლილებების მიხედვით”, — განაცხადა გაბუნიამ,

მისივე თქმით, ეპიდმდგომარეობის სტაბილიზაცია საწოლფონდზეც აისახა და დღეს დილის მდგომარეობით, 700-მდე საწოლი გათავისუფლდა.

“მნიშვნელოვანია საწოლფონდის მობილიზაცია. დღეს დილის მდგომარეობით, შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. ამ დილის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი. განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება თავისუფალი საწოლების რაოდენობის სწრაფად ზრდა, რაც ასევე მაჩვენებელია აჭარის რეგიონშიც სტაბილიზაციის”, — განაცხადა გაბუნიამ.

თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალ შემთხვევათა რიცხვის სტაბილიზაციის მიუხედავად, შემთხვევათა რიცხვი მაინც სერიოზულია. რაც მისი თქმით, დამშვიდებისა და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრის საფუძველს არ იძლევა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ შეზღუდვების ფონზე ახალ შემთხვევათა რიცხვის სტაბილიზაცია გვაქვს და ასევე ვიტყვი, რომ ოდნავი კლების დინამიკა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, 3 ათასზე ზემოთ არის, ამიტომ ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია ქვეყანაში. ამიტომ ეს არავითარ საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ და სერიოზულად ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე, ამის საფუძველი დღესდღეობით არ არის”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი