ახალი ამბები

B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მარჯვენასაჭიანი მანქანით სარგებლობა 2022 წლამდე შეეძლებათ – კალაძე

16 დეკემბერი, 2020 • 2262
B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მარჯვენასაჭიანი მანქანით სარგებლობა 2022 წლამდე შეეძლებათ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მარჯვენასაჭიანი მანქანებით სარგებლობენ, ქალაქში გადაადგილების უფლება ერთი წლით გაუხანგრძილვდებათ. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“B კატეგორიაში [ტაქსის მძღოლები, რომლებიც მხოლოდ აპლიკაციით მუშაობენ] ჩვენ მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებსაც მივეცით სერვისის განხორციელების უფლება, თუმცა ეს გვქონდა დროში ჩაკეტილი – მათ ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. მაგრამ ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, არსებული ეკონომიკური პრობლემები, ამიტომ გვინდა, რომ 2021 წლამდე მიცემული უფლება ერთი წლით გავუხანგრძლივოთ და 2022 წლამდე B კატეგორიაში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა”, – განაცხადა კალაძემ.

B კატეგორიის ტაქსის მძღოლის სტატუსით სარგებლობენ ის მძღოლები, რომელთაც არ აქვთ თეთრი, მარცხენასაჭიანი მანქანა და, შესაბამისად, არ აქვთ ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება. მათ მუშაობა მხოლოდ გამოძახების სერვისით შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი