ახალი ამბები

₾2500-ით დამაჯარიმეს მართვის უფლების არქონის და „კომენდანტის“ დარღვევის გამო – მეგრელიშვილი

16 დეკემბერი, 2020 • 2880
₾2500-ით დამაჯარიმეს მართვის უფლების არქონის და „კომენდანტის“ დარღვევის გამო – მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ ორი, ჯამში, 2500 ლარის ჯარიმა გამოუწერა, ერთი მხრივ, „კომენდანტის საათის“ წესების დარღვევის, მეორე მხრივ კი, მართვის უფლების უქონლობის გამო.

15-16 დეკემბრის მიჯნაზე, დაახლოებით შუაღამისას, მეგრელიშვილმა ფეისბუკ-ლაივში განაცხადა, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემაში ჩაწერაზე იყო და გადაადგილებისთვის სპეციალური საშვი შსს-სგან არ აუღია. ამასთან, მისი თქმით, ამ საშვს არც არასოდეს იღებს ხოლმე.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, მეგრელიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს 21:00 საათის შემდეგ გარეთ ყოფნისათვის, რაც მთავრობის „წერტილოვანი შეზღუდვებით“ არის გათვალისწინებული.

ამასთან, ის დამატებით 500 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ავტომობილის მართვის უფლება არა აქვს. მეგრელიშვილმა ფეისბუკის ლაივში თქვა, რომ სამი წელია, მართვის უფლება არა აქვს და ისე მართავდა ავტომანქანას.

„[პოლიციელი] მეუბნება, ვინმე მოვიდეს, წაგიყვანოსო, თორემ საჯარიმოში გადაგსვამთო“, – ამბობს მეგრელიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი