ახალი ამბები

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ბაიდენი ოფიციალურად აირჩია

15 დეკემბერი, 2020 • 1084
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ბაიდენი ოფიციალურად აირჩია

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრები 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში შეიკრიბნენ. კოლეგიის წევრების მიერ თავიანთი ხმის დაფიქსირების პროცედურა, როგორც წესი, ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იყო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებების გამო.

ტრამპი არჩევნების დღიდანვე ირწმუნებოდა, რომ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებმა გამარჯვებულად ბაიდენი გამოაცხადეს ეგზიტპოლებსა და მიღებული ხმების ანალიზის საფუძველზე, ტრამპი და მისი კამპანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და შედეგებს სასამართლოებში ასაჩივრებდნენ.

სასამართლოებმა სარჩელები არ დააკმაყოფილეს, ხოლო საარჩევნო კოლეგიის შეკრებამ ტრამპს, ფაქტობრივად, გამოაცალა ხელიდან არჩევნების შედეგების შეცვლის შანსები.

ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაფორმდება 2021 წლის 6 იანვარს, როცა აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესი შეიკრიბება და კოლეგიის წევრების ხმებს დაითვლის. ამ სხდომას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება. 4 წლის წინ ასეთივე სხდომას, სადაც ტრამპის გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდა, თავად ბაიდენი ხელმძღვანელობდა.

ტრამპს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რა ხდება შემდეგ?

20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღეს, 12:00 საათზე, დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის უფლებამოსილება ამოიწურება. ამავე დროს ჯო ბაიდენი წარმოთქვამს ფიცს და ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბაიდენის ინაუგურაციას დონალდ ტრამპი. მას ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. ამასთან ერთად უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი მომავალში: მედიაში გავრცელებული რეპორტაჟების თანახმად, ის აქტიურად განიხილავს 2024 წელს კენჭისყრის შესაძლებლობას.

ამასთან ერთად, „აქსიოსის“ ცნობით, ტრამპი განიხილავს საკუთარი, კონსერვატიული მედიასაშუალების შექმნასაც.

ჯო ბაიდენს, თავის მხრივ, რთული ბრძოლა ელის კონგრესთან, სადაც რესპუბლიკელებს აშშ-ის კონგრესის სენატში მინიმუმ 50 წარმომადგენელი ეყოლებათ, რაც არა მარტო კანონების მიღებას, არამედ მოსამართლეების დანიშვნასაც გაართულებს.

„ამერიკის სულისთვის ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა“

კოლეგიის შეკრების შემდეგ ბაიდენმა მშობლიური შტატიდან, დელავერიდან განაცხადა, რომ „ამერიკის სულისთვის ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა“. მისი თქმით, „დადგა დრო, გადავშალოთ ეს გვერდი, გავერთიანდეთ და ჭრილობები მოვიშუშოთ“.

თუმცა ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრი:

არჩეული თანამდებობის პირები და შტატების ნაწილი სამართლებრივი მანევრით შეეცადნენ, უზენაეს სასამართლოს გაექრო 20 მილიონი ამერიკელის ხმა სხვა შტატებში და პრეზიდენტობა ჩაებარებინათ კანდიდატისთვის, რომელმაც არჩევნები წააგო ხმების საერთო რაოდენობით, საარჩევნო კოლეგიაში და ასევე ყველა იმ შტატში, სადაც ვითარების შმეობრუნებას ცდილობდნენ. ასეთი რადიკალური პოზიცია აქამდე არასდროს გვინახავს”, – თქვა ბაიდენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი