ახალი ამბები

გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ — დეკანოიძე ვაშაძეზე

15 დეკემბერი, 2020 • 968
გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ — დეკანოიძე ვაშაძეზე

“გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ”, — ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძროაბის” წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან პარტიის დატოვებისას გაავრცელა.

ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

დეკანოიძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს პარტიასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა.

“ჩვენი პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, შედგება ძალიან ბევრი ადამიანისგან, მხარდამჭერისგან და ალბათ, ბატონ გრიგოლსაც კარგად ესმის, რომ გენერლები ძირითადად ჯარისკაცებს სტრატეგიას არ უწუნებენ. მაგრამ ჩვენ პარტიაში მუდმივად გვაქვს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ყველას გვესმოდეს, საქართველოსთვის არის ახლა გადამწყვეტი ბრძოლა.

ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს, მაგრამ პარტია გააგრძელებს იმ რეჟიმში ბრძოლას, როგორც ეს ჩვენს მხარდამჭერებს სურთ. როდესაც ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა და ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მიაჩნია, რომ რაღაც სტრატეგია სწორი უნდა იყოს, კარგი იქნებოდა მისი მხრიდან მეტი კომუნიკაცია პარტიასთან. გარკვეულწილად ეს შეეხებოდა ტაქტიკას, ბოიკოტის რეჟიმსაც”, — აცხადებს დეკანოიძე.

პარტიის დატოვების კიდევ ერთ მიზეზად ვაშაძემ პარტიის ირგვლივ და მის შიგნითაც ისეთი “ოდიოზური ფიგურების” ყოფნა დაასახელა, რომლებიც კარგა ხანია “წარსულს ჩააბარეს”. დეკანოიძე ამბობს, არ იცის, ვინ იგულისხმება “ოდიოზური ფიგურებში” და ეს გრიგოლ ვაშაძემ უნდა დააკონკრეტოს.

“მე არ ვიცი, რომელ ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობდა ბატონი გრიგოლი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ პარტიაში ვინმეს ხედავთ ოდიოზურ ფიგურად. მას უნდა ჰკითხოთ, ვის მოიაზრებს სახელობითად. ვანო მერაბიშვილი არანაირ თანამდებობას არ იკავებს პარტიაში და მე არ ვიცი, ვის გულისხმობს იგი ოდიოზურ ფიგურებში, რომელიც პარტიაში იყო”, — აცხადებს დეკანოიძე.

რაც შეეხება ვაშაძის განცხადებს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაა გაჩაღებული, დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის ლიდერებს არასდროს არ გამოუხატავთ რაიმე სახის თავდასხმის პოზიცია ელჩებზე და პირიქით, მათ პატივისცემას ადასტურებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის ის ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს,  “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი