ახალი ამბები

ახალი პარლამენტის I ინიციატივა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია იქნება

15 დეკემბერი, 2020 • 976
ახალი პარლამენტის I ინიციატივა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია იქნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომლის ინიცირებაც მეათე მოწვევის პარლამენტში მხდება, საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია იქნება.

რეზოლუციის ტექსტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა “ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანიის” დაგმობისკენ და საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვის მხარდაჭერისკენ.

“მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის ინიცირება ხვალ, 16 დეკემბერს იგეგმება.

სამხარაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციაა.

“ამ მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიკურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ და დასძინა, რომ პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები იქნას მიღწეული.

გარდა ამისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება “განახლებული ენერგიით” შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას.

“მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს აშშ-თან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრობის ჯგუფებს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი