ახალი ამბებიეკონომიკაკომენტარი

“ეს ობიექტები გაკოტრდებიან” – სავაჭრო მოლები დეკემბერში გახსნის უფლებას ითხოვენ

14 დეკემბერი, 2020 • 2244
“ეს ობიექტები გაკოტრდებიან” – სავაჭრო მოლები დეკემბერში გახსნის უფლებას ითხოვენ

საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს დაწესებული ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ქვეყნის მასშტაბით დახურულია სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს აქამდე დაანონსებული გეგმის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან დაიწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

თუმცა დღეს, 14 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ წინასაახალწლოდ, 24 დეკემბერს, მოიხსნება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, დამოკიდებული იქნება შექმნილ ეპიდსიტუაციაზე. იგივე განცხადება გააკეთეს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც.

რა სირთულის წინაშე აღმოჩნდება სექტორი, თუ 24 დეკემბრსაც არ გაიხსნება მაღაზიები, და ესაუბრა თუ არა მთავრობა ბიზნესს საკუთარი გადაწყვეტილების შესაძლო გადახედვაზე. ამ საკითხებზე ნეტგაზეთი “თბილისი ცენტრალის” დირექტორს ლევან ყარალაშვილს ესაუბრა.

დღეს თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული იმ შეზღუდვების შემსუბუქება, რაც უკვე დააანონსებულია. ვგულისხმობ 24 დეკემბრიდან სხვადასხვა ტიპის რეგულაციების გაუქმებაზე, მათ შორის სავაჭრო მოლების გახსნას. მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ ელოდებით, რომ მთავრობამ შესაძლოა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და მათი მხრიდან ამ საკითხზე კომუნიკაცია ხომ არ ყოფილა?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილებას გადახედავენ, მათ შორის უფრო ადრე გახსნაზეც. ის შეთავაზება, რაც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული, რომ ნაცვლად 24 დეკემბრისა, უფრო ადრე, 15 დეკემბერს გახსნილიყო ეს სავაჭრო ცენტრები, უკეთესი იქნებოდა.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, ჩვენც ვაკვირდებით, თუმცა ვთვლით, რომ კომუნიკაციის სერიოზული ნაკლებობაა ყველა დონეზე. სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგებს ნაკლებად ესმით ეკონომიკური კრიზისის სპეციფიკა და არ არიან კომპეტენტურები, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შეღუდვებმა ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორებისთვის. სწორედ ამიტომ არის მათთვის ასახსნელი, რომ ადამიანის სოცოცხლე არა მარტო ჯანდაცვის სექტორის ხელშია, არამედ ეს ხშირად ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც არის დამოკიდებული.

თქვენ ამბობთ, რომ მათ ნაკლებად ესმით ეკონომიკა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც არიან, რომლებმაც სავარაუდოდ, თქვენი პოზიციებით უნდა დააბალანსონ ეპიდემიოლოგების განცხადებები. ანუ მათაც არ ესმით, რომ მნიშვნელოვანია თქვენი მუშაობა?

საბჭოში არიან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, რომელთაც სხადასხვა ამოცანები აქვთ. ამ გადასახედიდან უკეთესი იქნება, თავად ბიზნესის წარმომადგენლებს მიეღოთ ამ პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობა. გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ არის მძიმე. ყოველ შემთხვევაში რასაც ბოლო სტატისტიკას ვუყურებ, შედარებით სტაბილურად მიდის, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკურ სიტუაციაზე. ეკონომიკური სიტუაცია სტაბილური კი არა, პირიქით, ქვევით მიდის. დეკემბრის თვის შედეგიდან გამომდინარე ისეთი დარტყმა შეიძლება მიიღოს ეკონომიკამ, რომლის აღდგენაც წარმოუდგენელი იქნება უახლოესი თვეებისა კი არა, წლების განმავლობაში.

თუ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ 24 დეკემბერიდანაც არ მოგეცათ მუშაობის საშუალება, შემდეგ რა მოხდება.. უშუალოდ “თბილისი ცენტრალის” მაგალითზე რომ გვითხრათ.. ვეღარ გაიხსნება ბევრი მაღაზია, ვალები დაუგროვდებათ თუ რა იქნება?

ბიზნესის გადასახედიდან გეტყვით.. ჩვენ პრაგმატულად მოაზროვნე ხალხი ვართ. ამ შემთხვევაში ექვსი სავაჭრო ცენტრის მაგალითზე შემიძლია ვილაპარაკო. მარტო ეს ცენტრები და აქ განთავსებული ობიექტები მხოლოდ დეკემბერში მიიღებენ 300 მლნ ლარის ზარალს. ანუ 300 მილიონლარიანი ბრუნვა დაიკარგება, საიდანაც ვისტუმრებთ არა მარტო ხელფასებს, ასევე ვიხდით გადასახადებს. ამას გარდა, დეკემბერში ჩვენ ვქმნიდით ზამთრის გადასატან რეზერვებს. ამ ექვს სავაჭრო ცენტრში [თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სითი მოლი, გლდანი მოლი] დასაქმებულია 17 ათასი ადამიანი. ახლა გეტყვით, რა მოხდება [თუ არ გაიხსნება], ეს ობიექტები გაკოტრდებიან და ხალხი სამსახურის გარეშე დარჩება. დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება იმას, რაც მოხდება. უშუალოდ ჩვენს მოლში დასაქმებულია 1200 ადამიანი, მათგან ჩვენ პირდაპირ დასაქმებული გვყვავს დაახლოებით 120 ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩვენი პერსონალია. ვთქვით, რომ დეკემბერში ვინარჩუნებთ პერსონალს მიუხედავად იმისა, რომ  დაკეტილი ვიქნებით თუ არა, რადგან ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება იანვარს, მარტო ჩვენ მოგვიწევს პერსონალის განახევრება.

დავაზუსტებ. საკითხზე, რომ შესაძლოა დეკმბრის ბოლოსაც არ გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, ამაზე მთავრობას თქვენთან კონსულტაცია არ ჰქონია?

ჯერჯერობით ჩვენთან არ გაჟღერებულა, რომ 24 დეკემბერს გახსნის გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც გავაჟღერეთ, რომ უფრო ადრე გავხსნილიყავით და გვქონოდა შეღავათი საგადასახადო კუთხით, განსაკუთრებით ქონების გადასახადის ნაწილში, ამაზე ჯერ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეხვედრა შედგება და კომუნიკაციის საშუალება მოგვეცემა.

რომ შევაჯამოთ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ დეკემბრის ბოლოდან მუშაობის უფლება არ მოგეცათ, ბევრი სავაჭრო ობიექტი, თუნდაც თქვენს სავაჭრო ცენტრში, ვეღარ გაიხსნება?

სავაჭრო ობიექტები გახსნით შესაძლოა გაიხსნან, მაგრამ მათ მოუწევთ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის გატარება ხარჯების კუთხით, რაც პირველ რიგში, პერსონალის ხარჯებს გულსხმობს. შესაბამისად, დიდი ალბათობით მოუწევთ გაანახევრონ თავიანთი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესს, რამდენად შეძლებს ის გადარჩენას, ამაზე უკვე მარტში ვისაუბრებთ იანვარ-თებერვლის შემდეგ, რომელიც რთულად გადასატანი იქნება, მათ შორის ჩვენს სავაჭრო ცენტრში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები ხშირად ამბობთ, რომ დეკემბრის შესაბამისად, წინასაახალწლო გაყიდვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. რომ აგვიხსნათ, რატომ არის დეკემბერი ასეთი მნიშვნელოვანი?

მთელი წლის განმავლობაში არსებობს ე.წ. მაღალი და დაბალი სეზონები. მაღალი სეზონის დროს მომხმარებელი გააქტიურებულია.. პირველი ასეთი სეზონია აპრილ-მაისი. ჩვენ ამ დროს ლოქდაუნში ვიყავით და ეს ორი თვე დაიკარგა. დეკემბრის თვე არის ყველაზე მაღალი სეზონი, როგორც წინასაახალწლო პერიოდი. [ამ სეზონებს] განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევა და მთელ მსოფლიოში ასეა, ჩვენ არ ვიგონებთ. შესაბამისად, მარტო დეკემბერში საცალო სავაჭრო ობიექტები აგენერირებდნენ საკუთარი ბრუნვის 25%-ს.

მარტო ამ ექვს სავაჭრო ცენტრს და იქ განთავსებულ ობიექტებს თითოეული დღე 10 მლნ ლარი უჯდებათ. ანუ დეკემბრეში ყოველ დღეს ასე ექვსი ცენტრი 10 მლნ ლარს კარგავს. ამ თანხიდან აქ მომუშავე ობიექტებმა უნდა გადაიხადონ მომწოდებლის თანხები, ხელფასი, საოპერაციო ხარჯები დაფარონ, გადასახადი გადაიხადონ და ა.შ. ფაქტობრივად, პირველი ჩაკეტვიდან დღემდე მთელი ინდუსტრია ზარალზე მუშაობს. ამიტომ ეს არის თვითგადარჩენის რეჟიმი და დეკემბრის თვეში თვითგადარჩენის გაგრძლების სურვილი გვქონდა, თორემ ძალიან ბევრმა ბრენდმა შესაძლოა 2021 წლის პირველ ნახევარში დატოვოს საქართველო.

მთავრობამ რომ გითხრათ, დეკემბერის ნაცვლად, მაგალითად, იანვარში იმუშავებთ, თქვენ ამ ზარალს ვერ დააკომპენსირებთ?

იანვარ-თებერვალში ამის კომპენსირება გამორიცხულია.

იმედს ვიტოვებ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესდება და მოგვეცემა მუშაობის საშუალება, რაც კრიტიკულია როგორც ნაკადების გადანაწილებისთვის ასევე, შემოსავლების გენერირებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ წინასაახალწლოდ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ამ ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალება მიცემა, რათა ზამთრის შემდგომ თვეებში თავი გაიტანოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი