ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან იგეგმება საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის გაუქმება. ამის შესახებ მინისტრმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს თქვა:
“დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა ჩვენს სტუმრებს უმასპინძლებს. ასევე, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.”
პანდემიის დაწყებიდან მალევე საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარული ფრენები აკრძალა. ზაფხულში, როცა ქვეყანაში დაბალი იყო ინფიცირების მაჩვენებელი, მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ აგვისტოში სამი მიმართულებით დაუშვა. სხვა შემთხვევებში ძირითადად სრულდებოდა მთავრობის მიერ სუბსიდირებული ჩარტერული რეისები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 12 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ვიზიეარი” 18, 25 დეკემბერსა და 8 იანვარს საახალწლო პერიოდში დორტმუნდის მიმართულებით რეისებს შეასრულებს.








