ახალი ამბები

განსაზღვრული გვაქვს სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის სოციალური დახმარება — ევროკავშირის ელჩი

13 დეკემბერი, 2020 • 975
განსაზღვრული გვაქვს სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის სოციალური დახმარება — ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირმა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო.

მისი თქმით, ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარცელი განმარტავს, თუ რას მოხმარდება ეს თანხა და როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი, რომ ის სათანადოდ იყოს გამოყენებული.

როგორც ჰარცელი ამბობს, ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. მისი თქმით, დახმარება ოთხ სფეროზე განაწილდება.

ჰარცელის განცხადებით, თანხის ნახევარზე მეტი, თითქმის 1 მილიარდი ლარი,მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ Covid-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებას, რაც ასევე მოიცავს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და რეგიონული/სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროგრამებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური სფერო და ეკონიმიკის აღდგენა.

მისი განმარტებით,  საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული გადაეცა, მათ შორის სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სპეციალური ტანსაცმელი საქართველოს ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება”, — განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ასევე, ამ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.

“გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით”, — განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც მუშაობენ და ამ მხრივ,  ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგს უზრუნველყოფენ.

“ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ, თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, “მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში” განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა”, — აცხადებს ჰარცელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი