ახალი ამბები

რეფორმებზე დისკუსიებისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი – გერმანია და საფრანგეთი

12 დეკემბერი, 2020 • 1274
რეფორმებზე დისკუსიებისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი – გერმანია და საფრანგეთი

რეფორმები უნდა გაგრძელდეს, აღნიშნულზე დისკუსიის ადგილი კი პარლამენტშია – ვკითხულობთ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დიპლომატებს, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულნი.

ისინი ახსენებენ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემაში გატარებულ ცვლილებებს და შემდგომი რეფორმების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

“ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს[საარჩევნო სისტემის] რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე – შესანიშნავი.

თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში.

საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში – საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას”, – აღიშნულია განცხადებაში.

ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ “იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება”.

“გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით.  საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია”, – აცხადებენ ისინი.

განცხადების ბოლოს, გერმანია და საფრანგეთი კვლავ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აუცილებლად მიიჩნევენ “ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი