ახალი ამბები

მინიმუმ, დადასტურდა ის, რომ ჟვანიასა და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ – კობახიძე

12 დეკემბერი, 2020 • 919
მინიმუმ, დადასტურდა ის, რომ ჟვანიასა და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ – კობახიძე

“ოპოზიციას თავისი გაყალბების კამპანია აგებული ჰქონდა PVT-ზე და ეს მთლიანად გამოეცალათ ხელიდან”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების”(ISFED)-ის მიერ ხმების ალტერნატიული დათვლის(PVT) შედეგების კორექტირება.

მისი თქმით, პარტიისთვის მანამდეც “აშკარა იყო”, რომ პარალელური დათვლის შედეგებში შეცდომა იყო დაშვებული. კობახიძის თქმით, ამას “მარტივი არითმეტიკული გამოთვლის” შედეგად მიხვდნენ და ოპოზიციის წარმომადგენელთა ვარაუდი ორგანიზაციის მიმართ ფარულ მიყურადებაზე, აბსურდია.

“ცესკოს შედეგებისა და პვდ-ს მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და პროვოკაციაა”.

“მინიმუმ, რაც არის დადასტურებული PVT-ს მონაცემების გადამოწმებით, არის ის, რომ სულ მცირე, თამარ ჟვანიასა და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, “ასეთივე სიყალბეა” ოპოზიციის განცხადებები ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და “ოცნება” ამ საკითხებზე დებატებისთვის მზად არის.

რაც შეეხება ოქმებში დისბალანსს, რომელზეც როგორც საუბრობს როგორც “სამართლიანი არჩევნები”, ისე ოპოზიცია, კობახიძე ამბობს, რომ  “ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ფიქსირდება ყველა არჩევნებზე”.

რა მოხდა?

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა.

ამის შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ხარვეზის დეტალებზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, ISFED-ის შეცდომის მასშტაბები გააზვიადოს და ამით არჩევნებზე გამოვლენილი რეალური პრობლემები გადაფაროს.

ნიჟარაძის თქმით, შეცდომის შესახებ ინფორმაციის გახმიანებას ორგანიზაცია შემდეგ კვირას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკითხით “მანიპულირება” დაიწყო, ISFED-მა გეგმები შეცვალა და შესაბამისი განცხადება გუშინ, 11 დეკემბერს გაავრცელა.

ნიჟარაძე ვერ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ან საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა მმართველ გუნდს ინფორმაცია ორგანიზაციის შეცდომაზე მანამ, სანამ ეს ფაქტი საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი.

კითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს ოპოზიციის ვარაუდზე, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ უკანონოდ მოიპოვა ცნობები ამ საკითხზე, ნიჟარაძე დასძენს, მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა, არაფერს გამორიცხავს.

ვრცლად:

ISFED-ის ხარვეზი | რა მოხდა? – ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი