ახალი ამბები

ISFED-ის თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია – ნიჟარაძე

12 დეკემბერი, 2020 • 868
ISFED-ის თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია – ნიჟარაძე

“სამართლიანი არჩევნების” აღმაშრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციისთვის “ძალიან მძიმე იყო” პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის შესახებ განცხადების გამოქვეყნება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ასეთი გამოწვევა ორგანიზაციას ბოლო წლების მანძილზე არ ჰქონია.

“ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია.

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის. პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.  ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა”, – აღიშავს ის.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ კითხვები ბევრია და შეეცდება, ყველა მათგანს უპასუხოს.

“ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს.

სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე”, – დასძენს ელენე ნიჟარაძე.


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი