ახალი ამბები

პარალელურ დათვლაში გამოვლენილი ხარვეზი ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას – ელისაშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 1371
პარალელურ დათვლაში გამოვლენილი ხარვეზი ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში გამოვლენილი ხარვეზები, რომლის საფუძველზეც მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა, ოპოზიციისთვის დარტყმაა. როგორც “რუსთავი 2”-ის ეთერში ელისაშვილმა თქვა, ახლა ის ელოდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას.

“სიმართლე გითხრათ, სამჯერ გადავიკითხე ეს დასკვნა, არ ვიჯერებდი. მეგონა, “ფეიკი” იყო, რადგან ISFED არის ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაცია. სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით და როდესაც ის ამბობს, რომ მას ხარვეზი ჰქონდა და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციისთვის. [ამ ანგარიშის შემდეგ] მე მოლაპარაკებების გაგრძელებას ველოდები ელჩების ფორმატში”,-ამბობს ალეკო ელისაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6%. სხვაობა 1.8%-ია. ცეკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 48.2 პროცენტი მიიღო, რაც 0.4%-ით მეტია ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემზე. თუმცა ISFED აცხადებს, რომ მისი მონაცემის ცდომილების ზღვარი 0.7 პროცენტია. 1 პროცენტით გაიზარდა ენმ-ის რეიტინგი და 27.4% გახდა. ენმ/ძალა ერთობაშიას, ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, 27.18 პროცენტი აქვს მიღებული. ISFED-ის ცდომილების ზღვარი 0.6%-ია. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემებიც მცირედით (0.1%) გაზრდილია. კორექტირებული მონაცემები მოწმობს, რომ ზრდა ბარიერგადაულახავი პარტიების შედეგების ხარჯზე მოხდა.

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი