ახალი ამბები

ელისო ბოლქვაძე: გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია?!

11 დეკემბერი, 2020 • 1525
ელისო ბოლქვაძე: გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია?!

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ახალი სახე “ქართული ოცნებიდან”, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ  დემოკრატიის განვითარებას დრო სჭირდება და 8 წელი ამისთვის საკმარისი არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა, ქვეყანაში რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, ბოლქვაძე პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის, თუმცა ამბობს, რომ საფრანგეთშიც არ არის კარგი სოციალური მდგომარეობა:

“საფრანგეთში ვცხოვრობ და ვიცი, რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. როგორ, თქვენ გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია? ვთქვათ, საფრანგეთში. კი ბატონო, მოდით ვისაუბროთ… სოციალურ დახმარებას რამდენი ადამიანი იღებს, სოციოლოგი არ ვარ და ამიტომ ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა. თუმცა იმის გამო, რომ გაჭირვებული ქვეყანა იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ ,რომ აშენდეს ქვეყანა?! ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ?! არ გაქვთ სტაბილურობა?! ვინმე დაგესხათ თავზე? სტაბილურობა არ არის ყველაზე ამოსავალი წერტილი? განვითარება და სტაბილურობა ერთად არ დგას?” ,- აცხადებს ელისო ბოქლვაძე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საფრანგეთში შეადგენს 41 463 აშშ დოლარს, საქართველოს მონაცემი კი თითქმის 10-ჯერ ნაკლები – 4 717 აშშ დოლარია.


დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. მათი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა და ხელმოწერით დააფიქსირა, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და აუქმებენ საარჩევნო სიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი