ახალი ამბები

დროა, გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ — ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 2230
დროა, გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ დროა, ქვეყანაში უახლესი ისტორიის გადაფასება დაიწყოს.

მისი თქმით, დროა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინონ.

“ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი, საქართველოს დღეს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასების დაწყება. 30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო. უპირველს ყოვლისა დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთნოდა და გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო, ალბათ, შეცდომების გარეშეც ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას.

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა, ჩვენი ისტორია სამართლებრივ და სამართლიან გზას დავუბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი