მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საპატრიარქოს დელეგაცია პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს ხელმძღვანელობით დაესწრება. სასულიერო პირები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ტრადიციულად, საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ესწრება. თუმცა, როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, პანდემიის გამო ის “ძალიან მკაცრ კარანტინშია”.
საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შორისაა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეც, ასევე, ქორეპისკოპოსი თეოდორე(ჭუაძე).
პირველი სხდომა 1 პარტიის მონაწილეობით
ახლად არჩეული, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, თქვეს, რომ არ გამოიყენებენ მანდატებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.
დღევანდელ სხდომაზე არ იგეგმება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება. ეს საკითხი ასევე პრობლემურია იმ ფონზე, თუ ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ არ შევა, მაშასადამე, საპარლამენტო თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმათა არასაკამარისი რაოდენობის გამო.








